ელ–ფოსტა
პაროლი

საკონკურსო ნაწარმოებებში დაბრუნება

მეტროს სახარება

მ ე ტ რ ო ს ს ა ხ ა რ ე ბ ა

სამსახურში მეჩქარება! რადიოში გამოაცხადეს, რომ ქალაქში საცობებიაო, არადა დროზე უნდა მივიდე, თორემ უფროსი ტყავს გამაძრობს, შეიძლება დამითხოვოს კიდეც, დღეს ხომ თათბირია! თათბირზე დაგვიანება კი სიკვდილის ტოლფასია. რა ვქნა, რა ვქნა... აჰმ, რა თქმა უნდა, მეტროთი წავალ. ვეცდები, რომ არავინ შემამჩნიოს, სირცხვილია ბოლობოლო თანამდებობის კაცი, რომ მეტროთი დავდივარ, მაგრამ ღმერთი, რჯული, სხვა გამოსავალი არ მაქვს.
ერთი ჟეტონი თუ შეიძლება................


_ მაშ ასე, ქალბატონებო და ბატონებო! _ ვაგონის ბოლოში ვიღაცამ ლაპარაკი დაიწყო. ყველამ იქით მიიხედა: ერთი ახალგაზრდა კაცი იდგა, ჟღალი წვერით და აგზნებული სახით. გვერდით კი ვიღაც ქალი ედგა, რომელსაც ეცვა ძალიან მოკლე ქვედაბოლო და ქონდა გამომწვევი გამომეტყველება. _ მინდა მოგახსენოთ, რომ ეს მატარებელი მე და ჩემმა თორმეტმა მეგობარმა გავიტაცეთ. ჩვენ შეიარაღებულები ვართ, რადგან სხვანაირად გატაცება არ გამოვიდოდა. აი ნახეთ! _ ახალგაზრდა კაცმა მაისური აიწია და წელზე შემოტმასნული ასაფეთქებელი ნივთიერებები გამოაჩინა. შემდეგ კი, მეტი დამაჯერებლობისთვის, შარვლის უკანა ნაწილიდან რევოლვერი ამოაძვრინა და გადატენა. ხალხი აშრიალდა. ნელ_ნელა ფხიზლდებოდნენ დილის ძილ_ბურანიდან.
_ რა გინდა ჩვენგან! _ დაიკნავლა ვიღაცამ.
_ სწორი კითხვაა, გმადლობთ. ცხადია ყველანაირ გატაცებას აზრი ეკარგება, თუ გარკვეული პირობა არ იქნება წაყენებული. ჩემი პირობა კი ასეთია: აგერ ამ მანდილოსანს ხო ხედავთ? _ ყველამ ქალს გახედა მომენტალურად. ის ცოტათი დაიძაბა და კიდევ უფრო გამომწვევი იერი მიიღო უნებლიედ. _ მინდა გაგაცნოთ: მარია, ჩემი მეგობარი. შეიძნება ვინმეს გეცნოთ კიდეც: არ გამოვრიცხავ, რომ გუშინ ღამე რომელიმე თქვენგანმა მასთან სექსუალური კავშირი დაამყარა, მარი ხომ ბოზია ბოლობოლო! ეს მისი სამსახურია და თქვენც ამის საწინააღმდეგო, ერთი შეხედვით არაფერი გაქვთ, მაგრამ ჩემი პირობა ასეთია: ჩვენ ვიმგზავრებთ ერთი საათის განმავლობაში. ამ ერთი საათის მანძილზე, თუ რომელიმე თქვენგანი მას ესვრის ქვას, ჩემი ხელით მოვკლავ ოთხს. თუ თავს შეიკავებთ და გაძლებთ მგზავრობის ბოლომდე, მაშინ ყველანი გადარჩებით. გასაგებია?
ხალხმა ნესტოები დაბერა ერთდროულად.
_ მაშ ასე მეგობრებო, ვაგონში იმყოფებით ცხრამეტი ადამიანი და ერთი ეს კოკერსპანიერი. ახლა შეგიძლიათ თავად დათვალოთ და იანგარიშოთ, რამდენი ქვა დაგიჯდებათ რამდენ სიცოცხლედ.
„კარები იკეტება. შემდეგი სადგური N...“ _ გაისმა რადიომიმღებში. კარები დაიკეტა.
_ მეგობრებო, ეს კარები არ გაიღება უახლოესი ერთი საათის განმავლობაში. დრო ჩაირთო. კეთილი მგზავრობა. _ გაიღიმა გამტაცებელმა და მარის გვერდზე მიუჯდა. ქალს აშკარად ეტყობოდა რომ ნერვიულობდა. ცხადია ინერვიულებდა, ცხრამეტი ზიზღით სავსე მზერა მისჩერებოდა.


0 _ 10 წუთი
_ რა ხდება ვინმე გაგვარკვევს, წესიერად?
_ რა ვიცი ქალბატონო, ვერ გაიგეთ რაც ხდება?
_ კი გავიგე, მაგრამ რაა ეს, ასეთი არაფერი გამიგია.
_ აწი გექნებათ გაგონილი.
_ და რა უნდა ვქნათ?
_ რა ვქნათ ქალბატონო, უნდა დავაკმაყოფილოთ მისი პირობა, სხვა რა უნდა ვქნათ.
_ რაა? რას როშავთ ბატონო?
_ ქალბატონო, ოთხ ჩვენგანს მოკლავს! ეს არ არის თამაში!
_ და იქნებ გვეთამაშება.
_ და რატომ უნდა გავრისკოთ, ქალბატონო?
_ რატომ, რატომ, რატომ... კრეტინი ხართ რა, დამანებეთ თავი.
ნერვული ქალი გვერდით მჯდომს მიუბრუნდა. კაცი იყო, რომელსაც კალთაში ბავშვი ეჯდა.
_ ბატონო, თქვენ მაინც მითხარით, რა უნდა ვქნათ?
_ გაგვიტაცეს.
_ რეალურად?
_ სავარაუდოდ.
_ და მერე, რა ვქნათ, როგორ გავიგოთ ეს?
_ ....
_ ხომ არ ვიჯდებით არა ასე, უქმად?
_ ვერ გავრისკავ ქალბატონო მე, ბავშვი მყავს პატარა.
_ კეთილი. მესმის თქვენი.
ქალი ადგილიდან წამოხტა და მოპირდაპირე მხარეს მჯდომ წყვილთან მივიდა, რომლებიც რაღაცაზე ჩურჩულებდნენ. ახალგაზრდა გოგო და ბიჭი იყვნენ.
_ რა ვქნათ?
_ რა უნდა ვქნათ ქალბატონო, რა გზა გვაქვს რო?
_ როგორ თუ რა გზა გვაქვს, პირი შეკარით ყველამ დღეს? რა დაგემართათ ადამიანებო, ასე არ გიცნობდით მე თქვენ.
ქალი ვაგონის თავისუფალ სკამზე ახტა და მეტისმეტად განერვიულებული სახით, ხმამაღლა იყვირა:
_ თქვენ ყველანი ხართ ნებიჭვრები და უჯიშოები. რა იყო, რამ შეგაშინათ? იქნებ გვეთამაშება? და თუ გვეთამაშება, წარმოიდგინეთ გული როგორ დაგვწყდება, როცა გავიგებთ, რომ ეს ყველაფერი თამაში იყო? განა თქვენ, აი თქვენ ბატონო, ბავშვი რო გიზით კალთაში, დიახ თქვენ, რა სინდისით უნდა გაზარდოთ ეს ბავშვი, რის ფასად უნდა შეუნარჩუნოთ მას სიცოცხლე? მიპასუხეთ თამამად! მთელი ერთი საათი ამ... ამ.... _ ხმა აუთრთოლდა ქალს და ცრემლი მოადგა. გამტაცებელი და მარი მის უკან იჯდნენ და ყურადღებით ადევნებდნენ თვალყურს. _ ამ ბოზის გვერდზე უნდა ვიჯდეთ? გული მერევა თქვენზე. თქვენი არ ვიცი და მე არ შემიძლია! _ ეს თქვა ქალმა და ხელჩანთა გახსნა, საიდანაც მუჭისოდენა ქვა ამოაძვრინა და აკანკალებული ხელით მარის დაუმიზნა. შემდეგ კი ბოლო ძალა მოიკრიფა და ესროლა.
_ უუუუუ! _ აშრიალდა ხალხი და გაისუსა. ყველა გამტაცებელს უყურებდა, რომელმაც ასლუკუნებულ მარის შუბლზე აკოცა (ნასროლი ქვა ლოყაზე მოხვედროდა) და დინჯად წამოიმართა.
_ კეთილი მეგობრებო! თქვენ გაინტერესებდათ, იყო თუ არა ეს თამაში, მამოწმებდით, მჩხრეკდით. და განა არ იყო საკმარისი რომ ჩემი სიტყვებისთვის, უბრალოდ დაგეჯერებინათ და ამ ქალისთვის ხელი შეგეშალათ? კი ბატონო. მე ვასრულებ პირობას.
გამტაცებელმა ვაგონის შუაში ჩამოვლა დაიწყო. ყველა გახევებული იჯდა. თვალები მაქსიმალურად გაფართოებოდათ და ტანისამოსი ოფლისგან დასველებოდათ.
_ შენ! _ მიმართა ერთს, ლულა სახესთან მიუტანა და უცერემონიოდ გაისროლა. მოხუცმა კაცმა ამოოხვრაც ვერ მოასწრო. ვერც ვერავინ გაბედა ხმის გაღება. მოკლულის გვერდზე მჯდომმა ახალგაზრდა გოგომ, მექანიკურად მოიწმინდა სისხლი სახიდან.
_ შენ! _ გამტაცებელი მოკლულის წინ მჯდომ ქალთან გაჩნდა ორ ნაბიჯში და ტყვია შიგ თვალში მოარტყა.
_ შენ! _ მივიდა ძაღლის პატრონთან და ლულა პირში ჩაუდო. შემდეგ გაისროლა და შემდეგ კი სისხლით მოითხვარა ვაგონის ფანჯარა. კოკერსპანიერი ორზე შედგა და ფანჯარას ლოკვა დაუწყო.
_ შენ! _ გამტაცებელმა ვიღაც ახალგაზრდა, სექსუალურ ქალს, მკერდთან მიუტანა იარაღი და გულში ესროლა. რა თქმა უნდა ესეც ადგილზევე გარდაიცვალა.




11 _ 20 წუთი

_ გაგიჟდი შენი დედა მ... _ წინადადება არ დაემთავრებინა ერთ ჟან_ღონით აღსავსე მამაკაცს და ის_ის იყო წამოდგომას და გამტაცებელთან მისვლას აპირებდა, რომ გვერდითა ვაგონიდან მხეცივით შემოვარდა ვიღაც გაბურძგნული კაცი. ყველამ მისკენ მიმართა მზერა. ის კი, სწრაფად მივარდა აღშფოთებულ კუნთმაგართან და რევოლვერის ტარი უთავაზა სახეში. ეს ჩაიკეცა და სისხლი წასკდა ცხვირიდან. ხელები მიიფარა სახეზე და ხმა არ ამოუღია.
_ გაიცანით მეგობრებო, ეს პეტრეა, ჩემი მეგობარი. _ გაიღიმა გამტაცებელმა და მარის მიუჯდა გვერდით. პეტრე კი ჯარისკაცივით გაიჯგიმა და ტყვეთათვის თვალ_ყურის დევნება დაიწყო.
მტელი ამ ხნის განმავლობაში, ქალი, რომელმაც ქვა ისროლა, ჩაკეცილი იჯდა და რაღაცას ბურტყუნებდა. ახლა კი წამოდგა და ხრიალი დაიწყო:
_ უჯიშო! ნაბიჭვარო!
თან გარდაცვლილებთან მიდიოდა და სისხლს წმენდდა მათ თავისი თეთრი ხელსახოცით.
_ დაისჯები, აუცილებლად დაისჯები, ღმერთი ამას არ გაპატიებს.
ცხვირსახოცი მთლიანად გაწითლდა და ქალმა ქურთუკი გაიძრო და იმით შეუდგა ცხედრების „გაპატიოსნებას“.
_ შენნაირი ნაბიჭვრების ადგილი ჯოჯოხეთშია!
ხრიალებდა ქალი და თან საქმიანობას არ წყვეტდა.
ვერავინ ხმას ვერ იღებდა.
_ ვინა ხარ შენ, ვინ?
წამოხტა კაცი, რომელსაც ბავშვი ყავდა. ქალი თავისთვის ფუსფუსებდა და აგრძელებდა ლანძღვას.
_ ბავშვი მყავს პატარა, როგორ უნდა იცოცხლოს ბავშვმა? ასეთი ამბის მერე, მე შენ გეუბნები, როგორ უნდა იცოცხლოს?
ბავშმა ტირილი დაიწყო, როცა აცახცახებულ და განერვიულებულ მამას შეხედა. გამტაცებელი მარის ეჩურჩულებოდა რაღაცას, თითქოს არც აქცევდა ყურადღებას ამათ ლანძღვას.
_ დედაშენის კუბო დავდგი მე, რომ ასეთი გაგზარდა. _ ქალი არ ოკდებოდა და ვაგონის ფანჯრიდან წმენდდა სისხლს პარალელურად, ამ საქმიანობაში კოკერსპანიერიც ეხმარებოდა.
_ ვინ ხარ, რა გინდა? ხომ იცი რომ არ შემიძლია არა? მართალი იყო ეს ქალი, როცა მითხრა, რომ რის ფასად გინდა შენს ბიჭს სიცოცხლე შეუნარჩუნოო. რის ფასად? არ ვესროლო? ბოზია, არ ვესროლო? ჩემი შვილის გვერდით მგზავრობს და რომ გაიზრდება ჩემი ბიჭი, რას მეტყვის მერე, რომ მომკითხოს, რომ მამა, ბოზის გვერდით რატომ ვიჯექიო, ქვა რატომ არ ესროლეო, ნუთუ თან არ გქონდაო, რა ვუპასუხო?
_ დაიწვა შენი გაჩენის დღე, დაიწვა შენი გამჩენი. _ ქალი კოკერსპანიერს ეპაექრებოდა, რომელიც არა და არ ანებებდა პატრონის სისხლს, გასაწმენდად.
_ მე... მე... მამა, მიყვარხარ და ყველაფერს შენს გამო ვშვრები. _ კაცი დაიხარა და ატირებულ შვილს აკოცა.
_ არა, მამა! _ იყვირა ბიჭმა, თითქოს გულმა რაღაც უგრძნო.
_ პური ქვად გექცეს და წყალი სისხლად. _ ქალისა და კოკერსპანიერის პაექრობა უკვე თამაშს ემსგავსებოდა.
ანერვიულებულმა კაცმა ჯიბეში წაიღო ხელი. გამტაცებელმა გამოხედა. პეტრე შეიმართა. კაცმა კი ჯიბიდან საშუალო ზომის ქვა ამოაძვრინა და მთელი ძალით გაუქანა მარის. ქვამ ქალს შუბლი გაუხეთქა. მარიმ თავი ვეღარ შეიკავა და ხმით დაიწყო ტირილი.
_ დაწყნარდი, დაწყნარდი და ცოტაც მოითმინე. _ უჩურჩულა ყურში გამტაცებელმა და სისხლიან შუბლზე აკოცა. მარი ერთიანად კანკალს აეტანა. ვერ ჩერდებოდა. ტკივილისგან სახე დამანჭვოდა.
„მეტროსადგური S, შემდეგი გაჩერება...“
მატარებელი სადგურზე ჩამოდგა. მგზავრები არ იძვროდნენ ადგილიდან. გამტაცებელმა კი ჩამოვლა დაიწყო.
_ შენ! _ უთხრა ბავშვს, რომლის მამამაც ქვა ისროლა და იარაღი ცხვირთან მიუტანა. პეტრემ კაცს ტარი ჩაცხო თავში წინასწარ, რადგან იცოდა, რომ კაცი წინააღმდეგობას გაუწევდა. ბავშვა ჯერ გონწასულ მამას კიდა თვალი და შემდეგ კი ზლუქუნი განაახლა, თუმცა ბევრი არც უტირია, რადგან გასროლისთანავე ხმა გაკმინდა.
_ შენ! _ იყვირა გამტაცებელმა და ახალგაზრდა გოგოსთან მივიდა, რომელსაც ფეხი ფეხზე გადაედო და ხმას არ იღებდა. თავდაჯერებული ჩანდა, რადგან აშკარად ეგონა, რომ მას გამტაცებელი ვერ გაიმეტებდა. გასროლა.
_ შენ! _ მოხუცთან მივიდა გამტაცებელი და იარაღი გულს მიაბჯინა. მოხუცმა ვერც მიბჯენილი უცხო სხეული იგრძნო და ვერც გასროლა გაიგონა, უბრალოდ მოკვდა.
_ შენ! _ გამტაცებელი ერთ მამაკაცს მიეახლა, რომელიც ცოტა ხნის წინ იქაჩებოდა და ძალის დემონსტრირებას ახდენდა. ახლა ის გონწასული ეგდო. გამტაცებელი დაიხარა და კეფაში ესროლა.
ვაგონში სადგურზე მდგარი ხალხი იხედებოდა. გაოგნებულები ვერ ხვდებოდნენ რა ხდებოდა. ზოგმა მოახერხა და მობილური ამოაძვრინა ჯიბიდან. რეკავდნენ პოლიციაში, სახანძროში, სასწრაფოში, ფსიქიატრულში, სახლში, საყვარელთან... ყველგან, სადაც შეიძლებოდა რომ ასეთ დროს დაგერეკა.
მატარებელი სადგურიდან გავიდა.




21_30 წუთი
მკვლელი მარისკენ გაემართა და გვერდით მიუჯდა. ყურში გადაუჩურჩულა რაღაცა. მარიმ გაიღიმა. გამტაცებელმა ცრემლი მოწმინდა. მარი დამშვიდებას შეეცადა.
ვაგონში რვა ცხედარი იყო. კოკერსპანიერი ისევ თავის პატრონთან ტრიალებდა და გვამს „აპატიოსნებდა“. ვაგონის შუაგულში ერთი გვამი ეგდო, რომელსაც კეფა ქონდა გახვრეტილი. მასთან ახლოს კი კაცი იყო მისვენებული, რომელიც ცოცხალი იყო, მაგრამ გონწასული. ის ქალი, რომელიც ისტერიკაში ჩავარდნილიყო და ხროტინებდა რაღაცეებს სულ რამდენიმე წუთის წინ, ახლა კვლავ ჩაკეცილიყო და მატარებლის რიტმში ირწეოდა, ვეღარაფრის თქმას ვეღარ ახერხებდა. პეტრე გაჯგიმული იდგა და სახეზე არანაირი ემოცია არ ეტყობოდა.
დადგა სრული აპათიის სტადია. წინააღმდეგობის გაწევის უნარი ნულს გაუტოლდა. ქმედითუნარიანობაც ნულოვან ნიშნულამდე დაეცა. უბრალოდ იჯდნენ და გული უცემდათ. სრული სიწყნარე იდგა. არავინ არაფერს არ აპირებდა.
ვაგონის ბოლოში ერთი კაცი იჯდა. ჩია კაცი იყო, თეთრი წვერით. თავიდან მშვიდი სახე ქონდა, მაგრამ ნელ_ნელა მიმიკები ეცვლებოდა. ჯერ იყო და ბრაზი დაეტყო ნაკვთებზე. მერე ბოღმა. მერე კი ჯიბისკენ წაიღო ხელი. წამით ყველა გამოცოცხლდა.
_ რას შვრებით ბატონო? _ მიმართა ახალგაზრდა ბიჭმა.
_ დამანებე შვილო თავი. ამდენი ხანი იმისთვის არ მიცოცხლია, რომ...
_ რა რომ ბატონო, ხომ არ გაგიჟდით, ვერ ხედავთ, რომ ქვის მსროლებს არ კლავს ეს მიზანთროპი. მე რომ მომკლას ახლა, რა ვქნა მერე?
_ დაწყნარდი შვილო, არაფერი არ მოგივა.
_ გთხოვთ ბატონო, არ გინდათ ეგ, არ გააკეთოთ.
_ შვილო, მე ამას ვერ შევეგუები, გესმის? თქვენთვის,ა ხალგაზრდებისთვის,გ ადაჯიშებულებისთვის, შეიძლება სულ ერთი იყოს, ვის გვერდით გაატარებთ დროს, მაგრამ მე რევოლუციები იმისთვის არ მომიწყვია, რომ ერი გადაჯიშებისკენ წასულიყო. დღეს, აქ ჩვენი ჩუმად ჯდომა კი ჩვენი გადაჯიშების ტოლფასია. როგორ ვიჯდე აბა უქმად, შეხედეთ იმ ქალს, მეც კი აღმაგზნებს, ისე გამომწვევად გამოიყურება. და თქვენ ამბობთ, რომ ჩუმად ვიჯდეთ? არ შემიძლია შვილო. ის მეძავია, მრუშია და უნდა მიიღოს საკადრისი.
_ კარგით რა ბატონო, საქმე სიცოცხლეს ეხება!
_ პრინციპებს ვერ გავყიდი შვილო.
თქვა კაცმა და ქვა ესროლა მარის. ქალს ქვა მუცელში მოხვდა. კარგა მოზრდილი ქვა იყო და ქალი ტკივილისგან მოიკლაკნა.
_ არ დამთავრდება ეს? _ ამოიკვნესა გამწარებულმა.
გამტაცებელმა სიევ შუბლზე აკოცა და რაღაც უჩურჩულა. ქალს ტირილი არ შეუწყვეტია. ტიროდა ბოღმით აღსავსე, გაბოროტებული.
გამტაცებელმა ჩამოვლა დაიწყო. ისევ გახევდა ყველა. ცხვრებივით იყვნენ.
ის_ის იყო, გამტაცებელს ლულა უნდა მიეშვირა ერთ_ერთი ამორჩეულისთვის, რომ მას ზურგზე ვიღაცის ხელები შეეხო.
_ მომე! _ მარის სახე ერთიანად სისხლში ამოსვროდა.
_ არ გინდა, მოითმინე ცოტა.
_ მომე მეთქი! _ მარის გადაწყვეტილება მტკიცე იყო და გამტაცებელს შეწინააღმდეგება არც უცდია.
_ შენ! _ იკივლა ქალმა და მივიდა იმასთან, ვინც პირველმა ესროლა ქვა. ეს ქალი ვეღარაფერს ხვდებოდა, იჯდა კატატონიურ მდგომარეობაში და ირწეოდა მატარებლის რიტმში. მარიმ მას შუბლი გაუხვრიტა.
_ შენ! _ მარი შვილმკვდარს წამოადგა თავზე, რომელიც უგონოდ გაშოტილიყო, თუმცა ნელ_ნელა გონს მოდიოდა. არ დასცალდა, რადგან შუბლი გაუხვრიტა ტყვიამ.
გამტაცებელი იჯდა და ცოტათი სევდიანი გამომეტყველება მიეღო.
_ შენ! _ მარი ამ ჩია, თეთრწვერა კაცს მიეახლა და მუცელში დაუმიზნა იარაღი. ორჯერ ესროლა.
_ და შენ! _ მარიმ იარაღი მოატრიალა და ვინც მიზანში მოხვდა, იმას ესროლა. ის ახალგაზრდა ბიჭი მოკვდა, ჩია კაცს რომ ეხვეწებოდა, არ გინდა, არ ქნაო.
_ შენ! _ მარი გაჩერებას არ აპირებდა და ერთ მსუქანს იღებდა მიზანში.
_ პეტრე! _ იყვირა გამტაცებელმა და პეტრემ სასწრაფოდ გააკავა მარი, იარაღი წაართვა და უეცრად აქვითინებული ქალი გამტაცებლისკენ წაიყვანა.
ხალხი ჩუმად იჯდა და ხმას არ იღებდა. თითქოს მათთვის სულ ერთი იყო რა ხდებოდა.
თორმეტი ცხედარი. შვიდი პოტენციური მსხვერპლი. ერთი კოკერსპანიერი. ორი გამტაცებელი მამაკაცი და მარი. სრული სიჩუმე ჩამოწვა, მხოლოდ მატარებლის რიტმიღა ისმოდა.


31_40 წუთი
კოკერსპანიერს მობეზრდა შედედებული სისხლის ლოკვა და მოკლული პატრონის ფეხებთან მოკალათდა. მიწვა და ხმას არ იღებდა.
შვიდნი დარჩენილიყვნენ. არც ერთს არაფრის თავი არ ქონდა, ქვის სროლაც კი არ შეეძლოთ.
ერთი ახალგაზრდა ბიჭი იყო. ფიქრობდა თავის შეყვარებულზე.
ერთი მსუქანი კაცი იყო. ფიქრობდა ერთი საათის წინ ნაჭამ ნამცხვარზე.
ერთი ახალგაზრდა ქალი იყო. ფიქრობდა სამ შვილზე.
ერთი შუა ხნის მამაკაცი იყო. ფიქრობდა ავადმყოფ დედაზე.
ერთი ჰალსტუხიანი მამაკაცი იყო. ფიქრობდა უფროსზე.
ერთი მოხუცი ქალი იყო. ფიქრობდა მეორე მსოფლიო ომში დაკარგულ ქალწულობაზე.
ერთი სიმპათიური კაცი იყო. ფიქრობდა საყვარელზე.
კოკერსპანიერი მშვიდად იჯდა და ირწეოდა მატარებლის რიტმში. ძაღლს თუ შეუძლია სევდიანი იყოს ოდესმე, სწორედ ასეთი ეთქმოდა მას.
პეტრე დგომისგან დაღლილიყო და იჯდა. ხვდებოდა, რომ აღარანაირი საფრთხე არ იყო მოსალოდნელი.
გამტაცებელი ამრის გვერდზე იჯდა და ქალს უღიმოდა.
მარი იცინოდა. გამტაცებლის ღიმილი და რაღაც სიტყვები ყოველთვის აცინებდა.
„მეტროსადგური G. შემდეგი გაჩერება...“
კარები არ გაღებულა, თუმცა წინა სადგურთან შედარებით, გაცილებით მეტი ცნობისმოყვარე შეკრებილიყო. ყბადაღებული პოლიციელები ვაგონში შეჭყეტვას ლამობდნენ, არ ჯეროდათ შემოსული აბსურდული ზარების. ვიღაც კაცი სარკმელთან დამდგარიყო და კამერით იღებდა ცხედრებს და ხალხს. ვიღაცა ფულს იღებდა იმისთვის, რომ წამით დაეთმო ადგილი ცნობისმოყვარეთათვის. ვიღაცა რეკავდა სადღაც. ვიღაცა პოლიციელს აჯანჯღარდებდა და ანიშნებდა, რომ რამე ქენი, აქ ასე უქმად დგომას გირჩევნიაო. ვიღაცამ კი ვერ მოასწრო ვაგონში შეხედვა, რადგან მატარებელი_ექსპოზიცია, მალევე დაიძრა ადგილიდან.
ვაგონში კვლავ სიწყნარე იყო და არავის არ უფიქრია ქვის სროლა. შესაბამისად, არც არავინ მომკვდარა.
ის დრო იყო, როცა „სტოკჰოლმის სინდრომი“ უნდა გაჩენილიყო. გაბრძოლების თავი აღარავის ქონდა და ერთადერთი ხსნის გზა ის იყო, რომ გამტაცებელი შეყვარებოდათ, იქნებ ასე გადარჩენილიყვნენ. ნელ_ნელა სხვა თვალით დაიწყეს გამტაცებლის ყურება. სულაც არ მიაჩნდათ ისეთ მონსტრად, როგორადაც რამდენიმე წუთის წინ ეჩვენებოდათ. თუმცაღა, ყოველ მათგანს, მძიმე ქვა ჯიბეს უწვავდა და თავს ახსენებდა.


41_50 წუთი
_ შენი ნაგავი დედა შევეცი მე! _ მოულოდნელად აფეთქდა ის კაცი, ვინც საყვარელზე ფიქრობდა და გამტაცებელს შეაგინა. შემდეგ ფეხზე წამოდგა და პერანგი შეისწორა. _ მე ვერ მივცემ ჩემს თავს უფლებას, ამდენი ხანი ვიმგზავრო ბოზთან ერთად ისე, რომ ერთხელ მაინც არ ვესროლო ქვა. მომიტევეთ, მაგრამ არ შემიძლია, ეს ჩემს ძალებს აღემატება.
დარჩენილმა ექვსმა სასოწარკვეთილი თვალები მოაპყრო სიტყვით გამომსვლელს. მარი აკანკალდა. გამტაცებელიც ბოროტად იმზირებოდა. პეტრე წამოდგა. კოკერსპანიერმაც კი მას მოაპყრო თვალები და კუდი აათამაშა, ეგონა რომ ვინმეს მასთან თამაში მოუნდებოდა.
_ არ შემიძლია! მე ვარ მორალურად მდგრადი მოქალაქე და მომიტევეთ და ჩემნაირებს, ყველაზე მეტად უჭირთ ამის ატანა. როგორ... _ წინა ღამის ორალური სექსი, სახლში დატოვებული ცოლი. _ როგორ შეგგვიძლია ასე ჩუმად ვიჯდეთ, ხალხო? განა ეს დანაშაული არაა? სახლში არ გველოდება ოჯახი? რა თვალებით შევხედავთ მათ? _ ბავშვების სათამაშოების ნაცვლად ნაყიდი პენუარები, ანალი. _ ჩვენ მოვალენი ვართ არამარტო ჩვენი თავის, არამედ ჩვენი ოჯახების და შესაბამისად მთელი ქვეყნის წინაშე. მე არ ვიცი, თქვენ რას ფიქრობთ ახლა, მაგრამ მე პირადად, ასეთ გაძაღლებულ ცხოვრებას, სიკვდილი მირჩევნია. _ ორგაზმი. სახლში გამთენიისას დაბრუნება და ცოლის საყვედურები. ცილისთვის შეხსენება, რომ რაც აქვს, მისით აქვს და ცოლის გაჩუმება. შემდეგ სამსახურში წასვლა.
ამ კაცმა, ჯიბიდან მოზრდილი ქვა ამოიღო. გამტაცებელს სახე დაემანჭა. ქვა მარის არ აცდენია _ ბარძაყში მოხვდა. ქალს ტირილის თავიც აღარ ქონდა. უბრალოდ ჩაიკეცა ტკივილისგან.
გამტაცებელი წამოდგა და ჩამოიარა.
_ შენ! _ დასჭექა და სამი ტყვია უთავაზა ქვის მსროლელს.
_ შენ! _ თქვა რბილად და მოხუცი ქალი მოკლა, რომელიც ჯერ კდიევ მსოფლიო ომში დაკარგულ ქალიშვილობაზე ფიქრობდა.
_ შენ! _ თქვა თითქმის უკვე ცრემლმორეულმა გამტაცებელმა და ახალგაზრდა ბიჭი მოკლა, რომელიც თავის შეყვარებულზე ფიქრობდა და ერთი სული ქონდა, როდის მოუყვებოდა მომხდარს.
_ შენ! _ გამტაცებელი ცრემლებით ტიროდა. ესროლა იმ ქალს, სახლში დატოვებულ სამ შვილზე რომ ფიქრობდა.
საქმის მოთავების შემდეგ, ღრმად ამოისუნთქა, ცრემლები მოიწმინდა და მარისკენ გაემართა.
_ ცოტაც მოითმინე, ცოტაც. აი ეს ტკივილი, ეს ტკივილი გადალახე და მორჩა, პირობას გაძლევ, რომ მეტჯერ არ გეტკინება.
გამტაცებელი მარის შუბლზე კოცნიდა.
_ პეტრე, სიგარეტი გაქვს?
_ კი, მოგცე?
_ მომე რა.
პეტრემ სიგარეტი ამოაძვრინა ჯიბიდან და გამტაცებლისკენ გაემართა.
_ მომიკიდე და ისე მომე, გთხოვ.
_ კეთილი.
პეტრემ სიგარეტს მოუკიდა და მისცა გამტაცებელს. მან პირველი ნაფაზი ამოარტყა, საკმაოდ ღრმა. პეტრე თავისი ადგილისკენ გაემართა.
გამტაცებელი აღარ ტიროდა, აღარც მარის ამშვიდებდა, უბრალოდ რაღაცაზე ფიქრობდა. ძალიან გართული იყო ფიქრებში, ისიც კი ვერ შეამჩნია, როგორ ჩამოდგა მატარებელი სადგურში და როგორ გაისმა რადიომიმღებში ხმა:
„მეტროსადგური H. შემდეგი გაჩერება...“
ვერ ამჩნევდა, როგორ უღებდნენ სურათებს ახალგაზრდები. როგორ აწყდებოდა ზღვა ხალხი მის ვაგონს. როგორ იცქირებოდნენ ცნობისმოყვარეები და როგორ გადადიოდნენ ყირაზე, ოღონდაც თვალი მოეკრათ მისთვის. ცხედრებს აღარ უყურებდა ხალხი. ყველას ის აინტერესებდა, ის ვინც ეს ამბავი მოახდინა. ის უკვე პოპულარული იყო. გოგოები მას უყურებდნენ და უნდოდათ მასთან დაწოლა. ბიჭები მას უყურებდნენ და უნდოდათ მისნაირები გამხდარიყვნენ. მღვდები მას უყურებდნენ და ეზიზღებოდათ ის.
გამტაცებელი იჯდა და რაღაცას ხარშავდა გონებაში. მატარებელი გავიდა სადგურიდან.


51-60 წუთი
_ პეტრე, დავიწყოთ?
_ როგორც მიბრძანებ.
_ კეთილი,დ აუძახე ბიჭებს, აქ მოდით ყველანი.
გამტაცებელი წამოდგა და იარაღი გატენა.
დგდგ_დგდგ_დგდგ_დგდგ
ჩუმად იყვნენ ყველანი.
ერთი ისევ დედაზე ფიქრობდა. მოხუცი იყო დედამისი. ეს დროზე უნდა მისულიყო სახლში და პური აეტანა. უი, ხო, კინაღამ დაავიწყდა, რაღაც გულის წამალი ჰქონდა კიდევ დაბარებული და უნდა მიეტანა აუცილებლად. ასაკოვანი ქალი იყო დედამისი და გულის უკმარისობა დაწყებოდა. წამლები, წამლები, წამლები. ახლა სადღაც გაციებულიყო კიდეც საწყალი ქალი და სიცხეები ქონდა.
დგდგ_დგდგ_დგდგ_დგდგ
პეტრე გვერდითა ვაგონში გადავიდა და იარაღიან კაცს რაღაც უჩურჩულა, შემდეგ კი ერთად მიეფარნენ თვალს და შემდეგ ვაგონში გავიდნენ. გათავსუფლებული ხალხი ფეხზე წამოდგა გაუბედავად.
მეორე უფროსზე ფიქრობდა. ჯერჯერობით, მატარებელი გრაფიკით მიდიოდა და ესეც ჯერ ცოცხლებში ეწერა, მაგრამ ხომ იყო შანსი, რომ მომკვდარიყო? და თუ მოკვდებოდა, ცხადია თათბირზე დროზე ვერ მივიდოდა. აი ეს კი ნამდვილად ეხამუშებოდა. ან დავუშვათ რომ არ მომკვდარიყო და მისულიყო სამსახურში, თუმცა დაგვიანებით, მერე რა მოხდებოდა? მთელი კოლექტივის წინაშე უსაყვედურებდა უფროსი და დატუქსავდა. ამხელა კაცს კი შერცხვებოდა დატუქსულის როლში ყოფნა. უნდა მდგარიყო ბავშვივით კედელთან და გაწითლებულიყო. უფროსს კი შეიძლება შეეგინებინა კიდეც. ამას უნდა მოეთმინა. შიშით, იმასაც კი ვერ გაიფიქრებდა, რომ ნეტავი ეს კაცი ერთი გემრიელად მაცემინაო. მისი უფროსი მის ფიქრებსაც აკონტროლებდა.
დგდგ_დგდგ_დგდგ_დგდგ
პეტრე და სხვები ისევ იმ ვაგონში შემობრუნდნენ და გახარებული ხალხი ისევ გახევდა ადგილზე, თუმცა გამტაცებლებმა მთავარი ვაგონისკენ როცა გამოსწიეს, ისევ გაუხარდა ყველას და ისევ ატეხეს უაზრო რეკვები და ხვევნა_კოცნა.
მესამე იმ ნამცხვარს მისტიროდა, ცოტა ხნის წინ რომ ეჭამა. ძალიან გემრიელი ნამცხვარი იყო. ამას კი ტკბილი საკვები საკუთარ თავზე მეტად უყვარდა. ისე გემრიელად ჭამა, რომ ერთი თვე რომ ეშიმშილა, მაინც მაძღარი იქნებოდა, რადგან პირში ისევ ის გემო ჩარჩენოდა. განცხრომაში იყო. სიკვდილისაც კი არ ეშინოდა, რადგან სულ რაღაც ერთი საათის წინ, იმხელა სიამოვნება მიეღო, რომ... ვუი, ნამცხვარი რომ ჭამა, მაშინ თქვა ზუსტად ასე: „აწი სიკვდილიც შეიძლებაო“. ჰაჰა, გაახსენდა ეს და ჩაეღიმა. ფიქრობდა, ამიერიდან ასეთ სისულელეს არ ვიტყვი არასდროსო, რას იფიქრებდა თუ ეს უაზრო და მექანიკურად წამოსროლილი ფრაზა ცხადად ექცეოდა? ბედის ირონია. თუმცა რა გაეწყობოდა, ასეთი წარუმატებელი იყო ბავშვობიდან. აბსოლუტურად დაჩაგრულსა და ჩაწიხლულს, ერთადერთ სიამოვნებად ტკბილეულის ჭამაღა დარჩენოდა. მეტი არაფერი.
დგდგ_დგდგ_დგდგ_დგდგ
პეტრე და თერთმეტი ადამიანი ცხედრებით სავსე ვაგონში შემოვიდნენ. მარი ფეხზე წამოდგა. გამტაცებელმა გაიღიმა და დარჩენილ სამს გადახედა. მომიჯნავე ვაგონებიდან ხალხი ფანჯარას აწყდებოდა. აინტერესებდათ რა მოხდებოდა.
ძაღლი კი იწვა და პატრონის ცხედარს მისჩერებოდა. ადგილიდან წამოდგომა არც უცდია, საერთოდ არ აინტერესებდა რა ხდებოდა მის ირგვლივ. ძაღლს თუ შეიძლება ვინმე მოენატროს, მას ენატრებოდა სწორედ.
სამივეს ფიქრი ნელ_ნელა შეწყდა. სამივემ მკვლელს გახედა, რომელსაც რაღაც უკვე მოეფიქრებინა. ეს სამი სიკვდილთან შეგუებული იყო. ემოციურად სრულიად დაცლილიყვნენ _ არც ნერვიულობდნენ და არც ისტერიკაში ჩავარდნას აპირებდნენ. უბრალოდ ისხდნენ და ელოდნენ. გამტაცებელი მათ უყურებდა. ყველას, მარის ჩათვლით, რაღაცნაირად მშვიდი მზერა ქონდა, დაღლილი, მოთენთილი.
დგდგ_დგდგ_დგდგ_დგდგ
ვაგონი ირწეოდა. მაჯისცემა, გულის რიტმი და სუნთქვა, მატარებელის ხმიანობასთან ერთად, რაღაც რიტმს ქმნიდა, ჰარმონიულს, კეთილხმოვანს.
დგდგ_დგდგ_დგდგ_დგდგ
_ რა ვქნათ, ამოიწურა დრო? _ თქვა იმან, რომელიც ამ წუთამდე ნამცხვარზე ფიქრობდა.
_ კი. _ გაიღიმა გამტაცებელმა.
დგდგ_დგდგ_დგდგ_დგდგ
სამი დაბნეულიყო და არ იცოდნენ რა ექნათ.
_ გაგვიშვებთ? _ იკითხა მსუქანმა გაუბედავად.
_ ცოტაც მოითმინეთ. _ თქვა მკვლელმა და ჩახმახი შეაყენა.
დგდგ_დგდგ_დგდგ_დგდგ
სამი მკვლელს უყურებდა. მკვლელი კი თავის ამფსონებს უღიმოდა.
დგდგ_დგდგ_დგდგ_დგდგ
ამფსონებმა თითქოს იცოდნენ რაც უნდა მომხდარიყო. იდგნენ ჩუმად და გაუძრევლად.
დგდგ_დგდგ_დგდგ_დგდგ
მკვლელმა თითოეულ მათგანს ჩამოუარა და ლოყაზე აკოცა. შემდეგ ერთ_ერთს ანთებული სიგარეტი გამოართვა და ღრმა ნაფაზი დაარტყა.
_ მარი, ხომ შეგპირდი მორჩებათქო. გტკივა ისევ?
მარიმ ისევ ტირილი დაიწყო.
დგდგ_დგდგ_დგდგ_დგდგ
გამტაცებელმა ნამწვი ძირს დააგდო და ფეხით გასრისა.
შემდეგ იარაღი საფეთქელზე მიიდო და ხმამაღლა თქვა:
_ იწერთ ვინმე? _ გაიღიმა გამტაცებელმა. ერთმა მათგანმა დასტურის ნიშნად თავი დაუქნია. შემდეგ ისევ გაიღიმა ყველამ. მხოლოდ მარი ზლუქუნებდა ისევ.
დგდგ_დგდგ_დგდგ_დგდგ
_ ელი...
დგ_დგ
_ ელი...
დგ_დგ
_ ლამა...
დგ_დგ
_ საბაქთანი?!
დგ_დგ
გამტაცებელის ბოლო სიტყვები ეს იყო, ოღონდაც ღიმილით არ უთქვამს ეს გაუგებარი რამ. სამი ცოტათი დაიბნა.
დგდგ_დგდგ_დგდგ_დგდგ
იარაღმა გაისროლა და წამით დაირღვა რიტმი. მხოლოდ წამით, რადგან შემდეგ ყველაფერი ისევ აღდგა. ისევ სუნთქავდნენ, ისევ უცემდათ გული, ისევ ქანაობდნენ სხეულები და ისევ მიდიოდა მატარებელი.
დგდგ_დგდგ_დგდგ_დგდგ
გამტაცებლის უსულო სხეული ძირს ეგდო. ზედ მარი გადამხობოდა და მოთქვამდა. თორმეტთაგან ერთი მის წამოყენებას ცდილობდა და ეუბნებოდა, რომ ამ გაჩერებაზე უნდა ჩასულიყვნენ.
„მეტროსადგური K. ბოლო გაჩერება, გთხოვთ გაათავისუფლოთ ვაგონები“.
თორმეტი ვაგონიდან გავიდა. სამი კი ცოტა ხანს შეყოვნდა. გამტაცებლის ცხედარს მიშტერებოდნენ, თუმცა სულ რაღაც ერთ წუთში, მოვიდნენ გონზე, გვამს თვალი მოწყვიტეს და გარეთ გავიდნენ. ძაღლი არსად წასვლას არ აპირებდა. გარეთ კი ზღვა ხალხი იდგა. ტაშს უკრავდნენ, უსტვენდნენ, ყვიროდნენ. ისინი ვაგონში შევარდნენ და გამტაცებლის ცხედარი აიტაცეს ხელში. ზოგმა ტანსაცმელი მოგლიჯა, ზოგმა მხოლოდ ხელის შეხება მოახერხა. ბრბოს ხელში ატაატებული მიყავდა ცხედარი. ესკალატორზე იდგნენ, გამტაცებლის ცხედარი მაღლა აეწიათ და რაღაცეებს ყვიროდნენ.



......... თერთმეტის ოცი წუთია უკვე. მომკლავს, ღმერთო ჩემო. რომ შევალ, ეგრევე ვეტყვი, რომ საცობში გავიჭედე. არა, არა, მაგის ჩიტი არაა ჩემი უფროსი. მაშინ რა ვქნა? ავდგები და ბოდიშს მოვუხდი. აი ასე, უბრალოდ, შევალ შუა თათბირისას და ბოდიშს მოვუხდი, დაინახოს, რომ ვნანობ საკუთარ საქციელს. კუთხეში დავდგები და ვეტყვი, ბოდიშითთქო. იქნებ მაპატიოს? ღმერთო, გთხოვთ მაპატიოს ჩემმა უფროსმა. ღმერთო არ გამწირო, ხო? არ გამწირავ, ვიცი. განა რა დავაშავე საიმისო, რომ ამ უაზრო რაღაცისთვის, სამსახურიდან გამათავისუფლონ? წესიერად ვცხოვრობ, წელზე ფეხს ვიდგამ, ვირივით ვშრომობ, ბოროტებას არ ჩავდივარ. არა, არა, შანსი არაა, მაპატიებს უფროსი, არ გამაგდებს.