ელ–ფოსტა
პაროლი

საკონკურსო ნაწარმოებებში დაბრუნება

ანდერგრაუნდი – საიუბილეო პერფორმანსი

1. სიჩქარე მანძილის დროსთან შეფარდების ტოლია

შვანდელს არჩევანის გაკეთება უჭირს, თორემ ყოველი მისი დილა მადლობით იწყება. ამჯერადაც ვერ გადაუწყვეტია ვის მოუხადოს იგი – ცერნის მეცნიერულ ჯგუფს იმისათვის, რომ კვლავ ვერ აამოქმედეს მიწისქვეშა ადრონული კოლაიდერი და სამყარო მიკროსკოპული შავი ხვრელების წარმოქმნისგან იხსნეს თუ ალკოჰოლიზმით დაავადებულ მეზობელს, ანთებული სიგარეტი რომ არ ჩაიყოლა ლოგინში.
შვანდელი მადლიერი, პროფესიით კი ასტროფიზიკოსი გახლავთ. მისთვის მშვიდობის დილას მეცნიერულად ხაზგასმული მნიშვნელობა აქვს! გარდა ამისა, შვანდელს მიაჩნია, რომ თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარი ცხოვრების უცნობი მანძილი ისეთ ოპტიმალურ ხანგრძლივობაზე უნდა გაყოს, რომ მიღებულმა ტემპმა საშუალება მოგვცეს ირგვლივ უხვად მიმობნეული სასწაულების, წარმატებებისა თუ სასიამოვნო მოულოდნელობების დაფიქსირება შევძლოთ. თავად შვანდელმა ზემოაღნიშნული მოქმედება ისეთი თანაფარდობით შეასრულა, რომ შედეგმა აბსოლუტური ინერტულობა მოუტანა. სწორედ ამიტომ, შვანდელი არასდროს ჩქარობს.
დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ ფრანგ სტუმარს ელოდება და ეთნიკური წარმომავლობა მისგან განსაკუთრებულ აღელვებულობას მოითხოვს, შვანდელი მშვიდია. მისი დილის ტუალეტი იმდენად ხანგრძლივია, თავისუფლად გვეყოფა დრო, არამათემატიკურად მოაზროვნე ადამიანს თალესის თეორემა ტვინში რომ ჩავუდოთ. ხოლო როდესაც ეს ადამიანი კუთხის გვერდების გადამკვეთი პარალელური წრფეებით ამავე გვერდებზე ტოლ მონაკვეთებს ერთი ხელის მოსმით მოკვეთს და ოსტატურად დაგვანახებს, რომ B1B2=B2B3, შვანდელი აეროპორტში გასამგზავრებლად ტაქსის გამოიძახებს. რამდენიმე საათში კი იმავე ტაქსით ჟილ ფიუმეისთან ერთად კვლავ აგლომერატისკენ გამოემგზავრება.
ჟილ ფიუმეის შვანდელის მეგობარს ვერ ვუწოდებთ, ვერც კოლეგას – ჟილ ფიუმეი მეღვინეა და მას შვანდელის მოყვასი უფრო ეთქმის. მძღოლი კი ცნობისმოყვარე ხვდებათ - თანამემამულესთან სტუმრის ჩამოსვლის მიზეზს აკონკრეტებს. შვანდელი მორჩილად განუმარტავს, რომ ფრანგი ჩვენებური რევოლუციის გადასაღებადაა ჩამოსული და ფოტოაპარატზე მიანიშნებს.
მძღოლი აკვირდება ჟილ ფიუმეის ``ოლიმპუსს.`` სტუმარი უღიმის, ანიშნებს გადაგიღებო და სათითაო კადრზე, ``პაღდონ!..`` `` მეღსი!`` - გაიძახის.
- ისევ რევოლუციაა მოსალოდნელი? – საქარე მინის სარკეს მძღოლი შვანდელზე ასწორებს.
- და როცა მოხდა, მოსალოდნელი იყო? – ხარხარებს შვანდელი, მერე ჟილს ფრანგულად ეკითხება, - განა ``რევოლუცია`` ეთქმის როდესაც ელი? ``რევოლუცია`` ხომ ელვისებურ, თავზარდამცემ ცვლილებას გულისხმობს?
- თავისთავად!
- რას ამბობს? – არ ნელდება მძღოლი.
- ისეთს არაფერს, თუმცა, სათქვენოსაც მოგახსენებთ და ეგებ მოიწონოთ: ცნობილია, რომ სამოცდაათი წელი ჩვენმა ხალხმა რევოლუციის გარეშე იცხოვრა. ახლა კი, გახვალ ცენტრალურ პროსპექტზე და რევოლუცია, გინდა თუ არა, სარეკლამო რგოლივით თვალწინ გადაგეშლება! ჰოდა დროა, ვინმემ სარფიანი ბიზნესი წამოიწყოს, თუნდაც თქვენ. მაგალითად, პრივატული კარავი დადგათ ჩვენი აგლომერატის ცენტრში და სტუმრებს მიაქირაოთ? რომელი ტურისტი ან უცხოელი ჟურნალისტი იტყვის უარს რამდენიმე წუთი დაჰყოს ცვლილებების ცენტრში მონაწილის სტატუსით? ``ათი წუთი რევოლუვციის შუაგულში!`` - იქვე ტარიფი. კარავში ერთჯრად წყლის ბოთლებს, საშარდე ძაბრისებრ პაკეტებს, შპრიცებსა და პირველადი საჭიროების სხვა ნივთებს განათავსებთ. იფიქრეთ! ეგებ, საჭის ტრიალს მეტი კრეატიულობა შესძინოთ. აი, ინებეთ ჩემი სავიზიტო ბარათი. თუ კონკრეტული მოსაზრება გაგიჩნდათ, დამიკავშირდით. სრულიად უსასყიდლოდ რამდენიმე სარეკლამო სლოგანს შემოგაშველებთ. კარგად მეყოლეთ! ჩვენ აქ ჩამოვალთ!
მძღოლი გაორმაგებული ყურადღებით თვლის თანხას. მერე სავიზიტო ბარათს აკვირდება და სანამ ავტომატური მართვის კოლოფზე დამაგრებულ ბუნიკს ` `P``-დან ``D`` მდგომარეობაში გადართავს, ხელი საფეთქელთან მიაქვს, ქალაქის ცენტრში მიმობნეულ ტრანსფორმატების გროვაზე ისვრის შვანდელის მონაცემებს და, წადიიიშეეენივარსკვლავთმრიცხველიდა.ა.შ! – აყოლებს.
ორი საათის განმავლობაში შვანდელი მორჩილად დაჰყვება სტუმარს და თვალყურს ადევნებს, როგორ ფიქსირდება ფრანგული ჟურნალის ``Revu du Vin de France`` მკითხველისთვის მისი დედქალაქის ცენტრში ჩასახული მორიგი რევოლუციის ამსახველი კადრები. იგი თარგმნის: ფიუმეის მაგივრად კითხვებს სვამს, თანამემამულეების ნაცვლად პასუხობს, თუმცა, მისი გარეგნული ჩართულობა შირმასავით ფარავს სისხლში გამჯდარ ნიჰილიზმს.
შვანდელისთვის აქ, მოკვდავთა მიწაზე გამართული აქტივობა, თუნდაც ეს მიწა მისი მშობლიური მიწა იყოს, საყურადღებო არ გახლავთ. შვანდელისეული ჭეშმარიტება ცასაა გამოკერებული - მისი შეიარაღებული თუ შეუიარაღებელი თვალი განსხვავებულ რაკურსებს დაეძებს. მორიგი პრორევოლუციური მონაკვეთი მის ცხოვრებასთან იმდენად ზუსტ პარალელზე გადის, რომ ვერსად და ვერასდროს გადაკვეთს მას. აგლომერატისთვის ``ცხოვრებად`` აღიარებული მცნება შვანდელისთვის ყოველგვარ ღირებულებას მოკლებულია, მარტივად რომ ვთქვათ, - დახარჯვად ``არ ღირს`` და წერტილიც იქ დაისმის. ხოლო რაც ``ღირს`` - ამის განმარტება შვანდელის სათაყვანებელი სტიქიასავით უსასრულოა!
მასპინძელი ბედნიერი იქნებოდა, ჟილ ფიუმეი მის სამშობლოში მეღვინეობის გასაშუქებლად რომ ჩამოსულიყო: წაიყვანდა მშობლიურ სოფელში, აჩვენებდა მამა-პაპისეულ მარანს, თავისი საამაყო ობსერვატორიას კუთვნილი ცარგვალით, ბავშვობიდან რომ შესცქეროდა აღტაცებულ თანატოლებთან ერთად. შეზარხოშებულები კი ტელესკოპს მეგობრულად მოუთათუნებდნენ ხელს შტატივზე და ერთად მივიდოდნენ იმ დასკვნამდე, რომ ცაშია ჭეშმარიტება! დიახ, ცაში და არა მიწისქვეშ, როგორც ეს ჟილმა ორი თვის წინ ცერნში ვიზიტის შემდეგ გააჟღერა თავის სტატიაში.
თუმცა, ფიუმეიმ აქაურ ღვინოს რევოლუცია ამჯობინა! სწორედ ამიტომ, შვანდელი გამჭვირვალე ეთერის ნაცვლად ახლა შარდისა და ნამწვავის სურნელით გაჟღენთილ ჰაერს სუნთქვას და თანამემამულის მაგივრად ფრანგულად უხსნის სტუმარს, რომ რევოლუცია ``ბლინივითაა,`` შესაძლოა პირველმა არ გაამართლოს და სანამ ტაფა ცხელია, მეორე უნდა დაცხვეს! ფიუმეის სახეზე აღტაცება და გაკვირვება ერთმანეთს ენაცვლება. ნუთუ ამ ბანალური განმარტების გამო? - იბნევა შვანდელი და გაორმაგებული ყურადღებით აანალიზებს მექანიკურად გადათარგმნილ ფრაზას.
- თქვენ მეტროც გქონიათ!!! – აღფრთოვანებულია ფრანგი, - არ ველოდი აქ…... მეტროს თუ აღმოვაჩენდი! თანდათან ``ვუღრმავდები`` თქვენი ქალაქის ამბიციებს! ჩავიდეთ, ჩემო კეთილო, უსათუოდ ჩავიდეთ! ჩვენი მეგობრობა ესკალატორზე დაიწყო, ხომ არ დაგავიწყდათ?
- მეტრო რა სახსენებელი იყო? რა დროს მეტროა, ჟილ? მეტრო?! _ რაც გინდოდა გეთხოვა, ოღონდ მეტრო არა! რევოლუციებით დამძიმებულ მიწაზე ყოფნა არ კმარა, ახლა ქვეშ რომ არ ჩაყო ცხვირი? – პულსირებს შირმის მიღმა შვანდელი, ფრანგს კი გულიანად უცინის, ერთჯერადი ხელსახოცით შუბლიდან ოფლს იწმენდს და ციდან ჯერ მიწაზე ეშვება.

2. ღვინო და . . . ყველი

- ჩვენი პირველი შეხვედრა მახსენდება. ცერნის გვირაბში რომ დავეშვით, - ფოტოაპარატს იმარჯვებს ფიუმეი.
- კი, ასეა! – შვანდელი მეტროს ჟეტონს აპარატს უმიზნებს. უკანასკნელად აქ ალბათ ბავშვობაში იყო, საუკუნისწინანდელი რევოლუციის ბელადის ბიუსტებითა თუ ბარელიეფებით რომ იყო მორთული ლამის ყველა სადგური.
ჟილ ფიუმეი კმაყოფილია. მიუხედავად იმისა, რომ მეღვინეა, ჟურნალისტის შეძენილი ინსტინქტი აიძულებს მომავალი მასალის მონახაზით აღფრთოვანდეს. ოცდაათი წელია საკუთარ ჟურნალს უდგას სათავეში. ჟურნალი, მართალია, მეღვინეობაზეა, მაგრამ თანამედროვე მკითხველს სურს, განსხვავებული სასმისისმაგვარი შესვას და რედაქტორიც, თითოეულ ნომერში, მათ კონტექსტიდან ამოვარდნილ ერთ სატატიას სთავაზობს.
- გგონია, აქ ცერნის ან პარიზის მსგავსი ინტერიერი დაგხვდება? რომ იცოდე, ჟილ, ევროპული მეტროების მსგავს სისუფთავესა და სტერილურობას აქ სავადმყოფოებშიც ვერ იხილავ! ჯანდაბას! არ მადარდებს! მხოლოდ შენი ხათრით ვერთვები გარემოში, რომელსაც შხაპის ქვეშ ერთი დადგომით ჩამოვირეცხავ, - ნახმარი ერთჯერადი ხელსახოცით შუბლიდან ოფლს იწმენდს შვანდელი და ცდილობს გაარკვიოს, ზემოთქმულის რა ნაწილმა გაურბინა ფიქრად და რა გააჟღერა ხმამაღლა.
- თქვენ რეალურ ნიადაგს ხართ მოწყვეტილი! ``თქვენში`` მეცნიერებს ვგულისხმობ. ის, რომ გონებრივი განვითარებით გარკვეული სიმაღლისთვის მიგიღწევიათ, იმას როდი ნიშნავს, რომ ზეციური სავარძლიდან ჩამოგვცქერით. კონტურებში გსურთ მოაქციოთ სამყაროს შექმნის პროცესი! დაუტევნელის შემოსაზღვრა ერთადერთხელ მოხერხდა იესოს სახით, რისი განხორციელებაც მხოლოდ მამამისს ხელეწიფებოდა და მინდა მიგანიშნო, მეგობარო, მიწასთან კავშირის გარეშე იქაც არაფერი გამოვიდოდა!!! გგონიათ, რაც თავის დროზე კოსმოსში მოხდა, კოლბაში მოაქცევთ, ექსპერიმენტისთვის საუკეთესო ადგილის ძებნაში კი სწორედ მიწის ქვეშ ჩამძვრალხართ! იქნებ სხვა თვალით შეხედოთ ყოველივე ამას! იქნებ უხილავი ძალა ამით მიგანიშნებთ, რომ ჭეშმარიტებაც იქაა, სადაც უფრო მყარად დგახარ და საწვავის გამოლევა არ გემუქრებათ. მე შინაგანად მეღვინე გახლავარ – მიწა მიყვარს. აი, ახლაც, მინდა შევისუნთქო აქაური ანდერგრაუნდი…...
- და, ფიქრობ, მიწისქვეშ ყოფნით მეტს შეიტყობ ჩვენს შესახებ?
- მთავარია, რომ ძირითადს მივაგენი!
- და...
- ის, რომ ჩემი ანალიზით…... ცოტა…... ზარმაცები უნდა იყოთ.
-რის საფუძველზე ასკვნი?
-ჩემი დაკვირვების რაკურსი ელემენტარულია: ღვინო პოლიკულტურაა და სხვა დარგების განვითარებას უწყობს ხელს. ღვინომ განაპირობა საფრანგეთში ყველის სახეობათა მრავალფეროვნება. ჩვენ ზოგჯერ იმის გამოც ვსვამთ ღვინოს, ზოგიერთი ყველის განსაკუთრებულ თვისებას რომ გავუსვათ ხაზი. მე გავოცდი, როდესაც თქვენთან, ღვინის უძველესი ცივილიზაციის მქონე ქვეყანაში, ყველის მხოლოდ რამდენიმე, თითზე ჩამოსათვლელი სახეობა აღმოვაჩინე.
- მაგრამ, ჟილ, შენ ჩვენი ისტორია არ წაგიკითხავს. უზრუნველი ევროპელი გლეხი ღვინოს ყველს რომ ``არგებდა,`` ჩემი ხალხი გაუთავებელ ომებში იყო ჩართული.…
- და მერე?.. მერე? მერე, როდესაც ომები მორჩა?
- განა, ომები მორჩა? – შვანდელისეულ ნიჰილიზმს ჰარმონიულად ერწყმის ცინიზმი. ორივეს ეცინება. შვანდელს აგონდება, როგორ დამოძღვრა დილით გამოძახებული ტაქსის მძღოლი და უფრო გულიანად ხარხარებს, - როგორ ვიფიქრებდი, ყველი თუ გაგვყიდიდა! ვერაფერს ვიტყვი, გიმართლებთ და ეგაა. ერთხელ რევოლუცია მოახდინეთ და ლამის ``რევოლუცია`` ფრანგულ სიტყვად მოინათლა! არა და ეს ტერმინი კოპერნიკმა გამოიგონა, კოპერნიკი კი, სხვათა შორის, ჟილ, ასტრონომი იყო და გირჩევ, ეს შენს სტატიაში აღნიშნო, როდესაც ჩვენებურ რევოლუციებზე დაწერ!
- კარგი შემოთავაზებაა. მე კი მართლა ფრანგული სიტყვა მეგონა ეს ლათინური ``რევოლუცია!`` - შვანდელს ეღიმება, ფიუმეისაც, - და სხვათაშორის, აქ ``რაღაც`` ხდება! როგორც ჩანს, მეტროს შექმნის საიუბილეო თარიღს თქვენც აღნიშნავთ. რატომაც არა? აკი, მეტრო გქონიათ! მშვენიერი პერფორმანსია და, მინდა ვაღიარო, აქ…... არც ამას ველოდი! –კვლავ აქტიურდება ჟილის ``ოლიმპუსი.``
ბაქანზე გამყოლის კაბებში გამოწყობილი გოგონები სუნამოებს ``M150`` დაატარებენ. პლაკატებზე მოჩანს პირველი მეტროს შავ-თეთრი ფოტოები, ასორმოცდაათი წლის წინანდელი ლონდონი, მეტროს დამაარსებელი შვანდელი თანამზრახველებთან ერთად.
- შვანდელი! ჩემი განუყრელი ზედმეტი სახელი! მამამ იმის გამო დამარქვა, ბავშვობიდან გვირაბების გაყვანა რომ მხიბლავდა. ჯობია, ჟილმა ამის შესახებ არაფერი იცოდეს, მისთვის ბატონიშოტიკო-ოდ დავრჩები! ვატყობ, შვანდელ, დღევანდელი დღე მიწაზე ცალი ფეხით ჩამოსვლას არ აკმარებს, - ფიქრობს მიწისქვეშ მოხვედრილი ასტროფიზიკოსი ბატონიშოტიკო-ო და ორჯერ ნახმარი ერთჯერადი ხელსახოცით შუბლიდან ოფლს იწმენდს.

4. როცა გეტყვი ``ი,`` მაშინ გამოდი!

- მაგრა გამიტყდა რა, მაგრა! პირველად ეგ ამბავი რომ მოვისმინეეე... ეგეთ, ბოდიში და, ღალატს არ ველოდი! წარმოიდგინე, ეს ქვეყანა რა მუხთალია, ეს ადამიანები კიდევ ხომ არიან: ცოტანი კეთილშობილნი და ძირითადად კეთილბოდიშიდამოგეხსენებარაც! ამას ყველაფერს მთელი თავის წვენით რომ შეიგრძნობ ხოლმე და თავის დაღწევა გინდება კაცს, რაა გამოსავალი, აბა? რა თქმა უნდა, ბუნებასთან კონტაქტი და განსაკუთრებით ვარსკვლავიანი ცის თვალიერება... და თურმე, ზუსტად მაგ დროს ხარ გაცურებული! შენ თან ჩამოასხი. საჭე?.. ეგ არ იდარდო, საიუბილეო აქციასთან ერთად ცვლაც მიმთავრდება. მე ახლა ბუტაფორიასავით ვარ აქ... ა? ხო, ისა, ბუტაფორიასავით, ანუ ტყუილად ვზივარ მემანქანის საჭესთან. აბა, გაგვიმარჯოს, ჩვენს მოულოდნელ შეხვედრას დავლოცავ!
არ უნდა გეუბნებოდე, ვიცი, შენც ისევე გაგიტყდება გული, როგორც მე ამ ოცდაათი წლის წინ, მაგრამ დღეს მეტროს დაადების დღეა, მე კიდევ მეტროს ნაწილი ვარ უკვე ამდენი წელია. ხომ უნდა იცოდე შენ, ჩემმა კაცურმა ადამიანმა, აქ რამ ჩამომიყვანა მე, ბუნების შვილი დერსუ! გახსოვს, დერსუ რატომ შემარქვა შვანდელას მამამ? დერსუ უზალასავით ბუნება მიყვარდა! პარადოქსია! ხო, პარადოქსი, ანუ გაგეცინება კაცს, იმიტომ რომ შვანდელას ყველგან გვირაბები გაჰყავდა: ქვიშაში, ხრეშში, ფქვილში, ბრინჯის და წიწიბურას გროვაში, მოკლედ ყველგან, სადაც ხელს მოიმარჯვებდა. მერე კი რა მოხდა? ვინაა ახლა გვირაბში? თუმცა, ეგ სხვა თემაა!
მოკლედ, ერთ დღეს გავიგე, ჩემო კარგო... აი, ყველი მიატანე, ნაღდი გუდაა, მოაცალე ეგ, გაზეთიდან გადაუვიდა, არაფერია! მოკლედ, გავიგე, რომ ღამის ცაზეა თურმე მთელი სიაფანდობა! ჩვენ ვარსკვლავებს რომ ვუყურებთ, ეგა ყოფილა ფოტო! აბა! ეგაა! რა გიკვირს? თურმე მილიონი წლის წინანდელი ფოტოა. რა-ა? როგორ მიხვდნენ? მარტივად: გაყვეს მანძილი დედამიწიდან ვარსკვლავამდე სინათლის სიჩქარეზე და მიიღეს დრო - მილიონი წელი. დაასხი! ანუ მე და შენ სად ვიყავით და საერთოდ ვინ სად იყო, ამ სიტუაციას რომ ცაზე ჩითავდა! აბააა! და ახლანდელი, რეალური ცის სურათს ნახავს ჩემი რომელი შთამომავალი იციიი? ეეე! ჩემი სახელი რომ არ ეცოდინება და იმასაც არ იტყვის, ბაბუაჩემო დერსუ, შენ რომ შენი თაობის ცას ნატრობდი, მე ვხედავო! ჩემი საფლავიც აღარ იქნება მაშინ! აზრზე ხარ, რა ღალატს აქვს ადგილი? ჰოდა, მაშინ ჩავიქნიე ხელი, ეგ რომ გავიგე, ანუ, რომ გავიგე ცაც სიაფანდიაო და აქ ვმუშაობ მაგის მერე!
სიმართლისა იყოს! გაუმარჯოს ნაღდს, ანუ მიწის წიაღს გაუმარჯოს და... კიდევ იცი რას? მეტროს გაუმარჯოს, რას იტყვი? გაუმარჯოს იუბილარს, როგორც ცოცხალ ორგანიზმს. აქ უნდა იყო და მაშინ მიხვდები, რომ მეტრო ცოცხალი არსებაა! მაგრამ შენ ზემოთა ხარ და მეტროსი არაფერი იცი! ეს დალოცვილი ღვინო, გაფიცებ, ვისთან მიგქონდა?.. კარავში? ჩვენი სოფლიდანაც არიან მადა?.. ეეე, რით არ ელევა ამ ხალხს იმედი? ოღონდ არ იმუშაონ და ალალბედად იყვნენ რა... კაი, მაგაზე არ ვიდავოთ, საუკუნისწინ გნახე ბოლოს, ახლა ძლივს გადაგეყარე და გეკამათო?
მოდი, ამ ნაღდ ბიჭებსაც გაუმარჯოს! აი, ამათ, პერფორმანსს რომ მართავენ აქა. პერფორმანსი? ოოო... ეგაა, როცა ხელოვნება შენს თვალწინ იქმნება, თითქოს, მხატვარს უყურებ, როგორ ხატავს! მოკლედ, მთელი რევოლუცია შენს ხელისგულზე იწყება და რაც მთავარია, მთავრდება! და, რომ იცოდე, ჩემო კაცურო ადამიანო, ესენი - ნიკოლოზა, დავიდა და ოლეგა, აქ ხშირად მოდიან, ეგეთი ანდერგრაუნდ-აქციების მოსაწყობად. რასა? ჰო, ასეთების რა, ანუ მიწისქვეშა ღონისძიებებისა შენს ენაზე. ახლა ხელოვნება ვის უნდა? ხედავ რა ხდება? მუდამ რევოლუციებია, მიტინგებია, გაყოფაა! ოცდაათი წელი, რაც მე მეტროში ვარ, ზემოთ სულ გნიასია! ხელოვნება კიდევ სადაა? აქაა, მიწისქვეშ! აზრობ?
Dდაასხი და ერთს გეტყვი კიდევ! ა-იიი ეგრე, საკმარისია. თალესი ხომ გაგიგია? არ გახსოვს? სკოლაში ხომ ვისწავლეთ... ჰო, ეგაა! და, მაგ თეორემის გარეშე არანაირი აგება არ ხორციელდება, აი, ეს მეტროც თალესზე დგას: გამოუშვი ერთი სათავიდან სხივები, გადაკვეთე პარალელური ხაზებით, გადაზომე, ორივე გვერდზე თაბანაბარი მონაკვეთებია. სულ მარტივი გამოთვლებითაა აგებული. ჰქონდათ გახსნილი გონება ადამიანებს და აგნებდნენ. აი, შვანდელიც, ოღონდ ნაღდი შვანდელი, ვინც პირველი მეტრო ააგო, იმაზე გეუბნები, შოთაზე კი არა! მაგას ასორმოაცდაათი წლის წინ მოაფიქრდა გადაადგილებულიყო მიწისქვეშ იმ სიღრმეზე, სადაც მაგის ბაბუები ჯოჯოხეთის ადგილსამყოფელს მოიაზრებდნენ. ოოო, რა გაცინებს, ეგრე ეგონათ, ეგეთი სიბნელე იყო, მაგრამ იმას გაუნათდა. ეგეთი გამონათებები ქმნიან ცივილიზაციას, ჩემო კარგო. მაგრამ ჩვენი გონება რომ აღარ განათდა? არ გიკვირს?.. გიკვირს ხო?.. მე-ე?.. მე არა, არ მიკვირს, იმიტომ რომ მე ვიცი, მივაგენი მაგის მიზეზს. აქ, მეტროში მივაგენი, რაღა!.. გეტყვი, ჰო: აი, სხვა ქვეყნებში მეტრო არის ყველასთვის საყვარელი საკითხავი ადგილი: დაჯდება ვაგონში მგზავრი, გააძრობს სანიშნიან წიგნს ჩანთიდან ან სულაც ჯიბიდან და წავიდააა... მიდის მატარებელი... მიდის წიგნი ვენებში. ადის მგზავრი ესკალატორზე, ფიქრობს წაკითხულზე და გონებაც ვარჯიშობს. მე აქ კარგა ხანია არ მინახავს ვინმეს წიგნი ეკითხოს ვაგონში. ჰო და მთელი უბედურებაც ეგაა! ახლა ზემოდან ვიღაც სმენადაქვეითებულს მიწაზე ყურის დადებით რევოლუციის ხმა თუ ესმის, არ დაიჯერო რა, ეგ სულ პლაგიატია! ერთი აქედანაც მიაყურადეთ რა და გაიგებთ, რა სამარისებული სიჩუმეა!.. ჰო-ო, იქა, იქა! ზემოთაა სიბნელე და სიჩუმე, აბა აქ ხელოვნება დუღს, აბა, ნახე რა ამბავში ვართ, სიმართლე, საქმე და პერფორმანსი აქაა, მიწაში!
მოდი ახლა გაუმარჯოს ჩვენს ბავშვობას, თორემ გადაიღალე შენ ამდენი მეცნიერებით და ტერმინოლოგიით. ობსერვატორია ყველა ბავშვს კი არ აქვს თავის მშობლიურ სოფელში, ჰოდა, ჩვენი ბავშვობა იყო ამით უნიკალური, ანუ გამორჩეული. აი, მამაშენი ხომ იყო კოლმეურნეობის თავმჯდომარე, შვანდელას მამა _ ასტროლოგი, მე ობოლი ვიყავი, მაგრამ მე ყველგან შემესვლებოდა თქვენი მეგობრობის ხათრით. მაშინ ხომ არ ვიცოდით, ეს ცა რა მუხთალიც იყო, ხომ მიყვარდა და გვიყვარდა! ჰოდა, მაგას გაუმარჯოს! შენ რომ აქ შეგხვდი დღეს, ჩემს განუყრელ საჭესთან რომ მოგიწვიე, გუდის ყველით რომ გაგიმასპინძლდი, შენ რომ ტიკიდან ჩამოასხი – მაგისი დავლიოთ! ახლა, იცი რა ვიფიქრე? რა იქნება, ჩვენი შვანდელაც რომ შემოგვხვდეს ფილთაქვასავით, ჰა! გაჩნდეს და ჩავეხუტოთ!.. სადაა?.. რას გაუგებ? ჩაკეტილი კაცი გამოდგა! თან სულ მოგზაურობს, ცაშია რა! ეეე, ბავშვობის დრო კი აღარაა, დაიძახო: როცა გითხრა ``ი,`` მაშინ გამოდიიი და ის გამოჩნდეს, ვის სულსაც ინატრებ!

3. ანდერგრაუნდპარამეტრები

შვანდელს გამცილებლის ფორმაში გამოწყობილი მოდელი უახლოვდება. სუნამოს შუშას თავსახურს ხდის და ნელი მოძრაობით რამდენიმე წვეთს ჯერ მაჯაზე, პულსის მახლობლად, მერე ყურის ბიბილოსთან აპკურებს. ფიუმეი ხმამაღალი სიცილით კადრს აფიქსირებს. გამცილებლის ფორმაში გამოწყობილი მოდელი ახლა ფიუმეის უახლოვდება და შვანდელი აფიქსირებს ანალოგიურ კადრს.
კარები ფრთხილად იღება. სხვადასხვა ვაგონიდან სამი მამაკაცი გამოდის. მათ XIX საუკუნის შუაპერიოდისდროინდელი კოსტიუმები აცვიათ. ქამრის ბალთაზე ძეწკვით მიბმულ საათებს შარვლის ჯიბიდან იღებენ, აცქერდებიან და გაბმული საყვირის ხმა გაისმის.
გაბმული საყვირის ხმის პარალელურად XIX საუკუნის შუაპერიოდისდროინდელ კოსტიუმებში გამოწყობილი სამი მამაკაცი განსხვავებული ტექსტების კითხვას იწყებს.
გამცილებლის ფორმაში გამოწყობილი მოდელები განაგრძობენ საქმეს: სუნამოს აპკურებენ ბაქანზე ჩამოსულებს ჯერ მაჯაზე, პულსის მახლობლად, მერე ყურის ბიბილოსთან.
ჰაერი საწვავის არომატით იჟღინთება და ყველა აფიქსირებს, რომ სუნამო ``M150`` ჩვეულებრივი საწვავია და სხვა არაფერი.
ვაგონებში განთავსებულ პატარა მაგიდებზე ჩაის სერვიზია გაწყობილი. მაგიდიების შუაგულში ყუთებს აწერია ``Real English Tea.``

მემანქანის ვაგონიდან დროდადრო გუდის ყველისა და ალკოჰოლის სურნელი გამოდის - ეს აბზაცი ანდერგრაუნდპარამეტრებში გათვალისწინებული არაა, თუმცა აქციას ეროვნული თვითმყოფადობის ელფერს ჰმატებს.

შვანდელი ციდილობს, ოპერატიულად გადაუთარგმნოს ჟილს XIX საუკუნის შუაპერიოდისდროინდელ კოსტიუმებში გამოწყობილი სამივე მამაკაცის პარალელური სიტყვა.
ფიუმეის ``ოლიმპუსი`` კისერზე დაუკიდია და ახლა დიქტოფონი უჭირავს ხელში:

- დღეს, მთელ მსოფლიოში, ყველა ქალაქში, სადაც მეტროა, აღინიშნება საიუბილეო თარიღი – მეტროს დაარსების დღე.
- მსოფლიოში პირველი მეტრო შვანდელმა 1863 წელს ლონდონში გაიყვანა!
- 150 წლის წინ მიწისქვეშა ცივილიზაციამ ათვლა დაიწყო!
- ჩვენ შევქმენით საიუბილეო სუნამო ``M150~, უნიკალური არომატით. საწვავის სურნელით მიგანიშნებთ, რომ აქ, მიწის წიაღში იგი ულევია და თქვენ არ გემუქრებათ სტატიკური საფრთხე - თქვენი მუდმივი გადადგილება გარანტირებულია!
- მეტრო დასავლეთიდან შემოვიდა ჩვენში. ჩვენც დასავლეთის სადგურიდან შემოვედით ბაქანზე - აღმოსავლეთისკენ აღებული სვლაგეზით კი ჩვენს ინდივიდუალობას ვუსვამთ ხაზს!
- მიწაზე ჰაერი უცხო თუ უხამსი სიტყვებით დამძიმდა და დაბინძურდა! პროტესტის ნიშნად ჩვენ ესკალატორს მაღლა ავყვებით და მაშინვე დაბლა დავეშვებით. თუმცა, ამ გასეირნებაში მგზავრობის ღირებულებას გადავიხდით, რათა მოქალაქის სახე არ დავკარგოთ!
- ნებისმიერი აქცია მისი ინიციატორებისა და მონაწილეების ანარეკლია. ნებისმიერი აქცია მოქალაქის დარღვეული თუ შელახული უფლებების, ასევე დატოვებული ნაგვის ოდენობით შედეგის პირდაპირპროპორციულია!
- ბაქანზე დაბრუნების შემდეგ შევალთ ვაგონებში და იქ ფორმალურად ნამდვილ ინგლისურ ჩაის მივირთმევთ. ფორმალურად, ვინაიდან ჭიქები ცარიელია, შეუძლებელია დალიო ჩაი დინამიკაში!.
- საიუბილეო პერფორმანსი მხოლოდ თარიღის აღნიშვნას არ გულისხმობს. ჩვენ გვსურს, გავაცოცხლოთ ოისის მკვდარი კურდღელი, გვსურს ხალხი მიწისქვეშ ჩამოვიდეს და ხელოვნებაში რევოლუციის მოსახდენად დაიხარჯოს!
- არჩევანი თქვენზეა: ცა ფიქციაა, მიწა იძვრის, მიწისქვეშ _ პერფორმანსია!

- უნიკალური აღიარებაა, არ მეგონა, დღის ბოლოს ამას თქვენგან თუ მოვისმენდი, ბატონიშოტა-ა! – ეღიმება ჟილ ფიუმეის.
-მე მხოლოდ ვთარგმნე!
-ანუ ცაში რჩებით, შხაპზე ოცნებობთ!
- ერთმნიშვნელოვნად.
- მე მეგონა...
- გეგონათ იდეალური გმირივით ერთ დღეში გავივლიდი ცას, მიწას... მეტროს და ჩემში ინიციაცია მოხდებოდა? ცეცხლს ესკალატორით ავიტანდი მაღლა? მე, ისევე როგორც თქვენ, დიდი ხანია განვსაზღვრე ``S``-ის ``T``-ზე განაყოფი, ჟილ, და კონკრეტული ბაქანი ავირჩიე გადასაადგილებლად.
- მაგრამ სიჩქარე მუდმივა ხომ არ არის.
- ჟილ, მიუხედავად იმისა, რომ ერთსა და იმავე წერტილიდან გამოსული სხვადასხვა მერიდიანები გაივლის ჩვენს ქვეყნებზე, დროის პარალელები ჩვენს ისტორიებს თანაბარ ნაწილებად არ ყოფს. ანუ თალესის თეორემა ირღვევა და რა გასაკვირია სიჩქარე რომ მუდმივად იქცეს?!
- ჩავსხდეთ მატარებელში?
- როგორც ინებებთ. თქვენი თვითმფრინავი სამ საათში გადის. თავისუფლად მოვასწრებთ.
ჟილი და შვანდელი კარებისკენ მიემართებიან. შვანდელს გამცილებლის ფორმაში გამოწყობილი მოდელი უახლოვდება და დაბალ ხმაზე მიმართავს:
- უცხოელ სტუმარს ვთავაზობთ მემენქანესთან ერთად იმგზავროს.
- რა ახირებაა? – თარგმნის და პარალელურად კითხულობს შვანდელი.
- იქ შეძლებს ნახოს ის, რასაც სხვა ქვეყნის მეტროში ვერ შეხვდება.
- რა არის ასეთი? - უკვირს ფიუმეის.
- ჩვენებური ანდერგრაუდპარამეტრი ანუ შეზარხოშებული მძღოლი, ტიკიდან ჩამოსხმული ღვინო და კიდევ რაღაც, რაც უსათუოდ მოგხიბლავთ, - უაქცენტო ფრანგულით განმარტავს გამცილებლის ფორმაში გამოწყობილი მეორე, მოდელი.
- ნუთუ, გაგვაჩნია ასეთი რამ?
- დიახ, უნიკალური ჯიშის გუდის ყველი! - საწვავის არომატს აფრქვევს გამცილებლის ფორმაში გამოწყობილი პირველი მოდელი და შვანდელს ხელკავით ვაგონისკენ მიაცილებს.
- სტუმარს ვერ მივატოვებ, მართალია, მშვენიერი თარჯიმანი იშოვა, მაგრამ მაინც უხერხულია... სხვამხრივ კი, სასიამოვნო მოულოდნელობა ჩემგან უყურადღებობას არ იმსახურებს... და ... სანამ ფრანგი გუდის ყველს დაიგემოვნებს... რეალური ინგლისური ჩაის ფორმალურად მოწრუპვა არ მაწყენდა... სავიზიტო ბარათსაც დაგიტოვებდით, ჩემს უბერებელ შარმს დღემდე აღიარებენ ქალები თუ გოგონები, - და კვლავ გაურკვეველია ზემოთქმულის რა ნაწილს აჟღერებს ხმამაღლა ასტროფიზიკოსი.

ჟილ ფიუმეი და შვანდელი ათვლის ერთი წერტილიდან სხვადასხვა მიმართულებით გადიან მოდელების თანხლებით. მათი მოძრაობის ტრაექტორიას მალე მეტროს ვაგონების ფრთხილად დაკეტილი კარები კვეთს. პერფორმანსი, როგორც ჩანს, უკანასკნელ სადგურამდე გაგრძელდება.

შვანდელი მადლიერია, მიაჩნია, რომ დრო ბევრია და სწორედ ესაა დსაფასებელი: ის, რომ მიწისქვეშ ჩადებული ``სამყაროს შესაძლო დასასრული,`` ანუ ადრონული კოლაიდერი გასულ წელს სარემონტოდ დაიკეტა; ის, რომ სახლში მისული შხაპის ქვეშ მშვიდად დადგება, იმიტომ რომ პენტჰაუსში ცხოვრობს და ალკოჰოლდამოკიდებული მეზობლისგან დატბორვა არ ემუქრება.
დიახ, აღმავალ სივრცეში ყველაფერი თავის ადგილზეა, სანამ პროტონების ენერგია სხივზე შვიდი ტევით გაიზრდება, ანუ მომავალ წლამდე!