- მოსკოვში ჩადის სოფლელი რუსი ქალი და ეძებს მეტროს. დაინახავს ერთ-ერთ შენობას აწერია “M” და შევა. დგას ქართველი და ფსავს. მივა ამ ქართველთან და ეკითხება “извините пожалуйста, это метро?”. ეს კაცი პასუხობს – “нет გენაცვალე, это двадцать пять сантиметров “... “Mუჟსკოი” ტუალეტი იყო და ფსავდა რა კაცი თავისთვის...
მოგიტყანთ იუმორი!
ესკალატორს ფეხით ჩავუყევი და სანამ ამ ძალით ხუმარა წყვილს გავცდებოდი, ისეთი გავეხახუნე ჩემი “სპეცოვკით”, რომ, იმედია მეტროში ანეგდოტის მოყოლის სურვილი დიდი ხნით დაეკარგებათ. რაის პოეზიის საღამო აუტყდათ ამ შუაღამეს? ერთი სული მქონდა სახლში წავსულიყავი, მაგრამ ამ ცხვირმოუხოცავების გამო ისევ მიწაში მომიწევს ყურყუტი.
ჩემს უფროსს ვერ ვუთხარი უარი. ახალი დანიშნულია. თან კარგი ბიჭი ჩანს და არ მინდა ჩემს გამო მოხვდეს, თორემ ესენი რისი ღირსები არიან კი ვიცი მე. ამოვიდა ამათი მატრაკვეცობა ყელში. ხან მერიიდან შემოჯლიგინდებიან, ხან მთავრობიდან და ხან კიდევ რომელიმე გზააბნეული ჟურნალისტს მოუნდება თავისი ხუშტურების დაკმაყოფილება. მე კიდევ ყველას სათითაოდ უნდა ვსდიო კუდში, რომელიმე დასირებულმა რაიმე ყლეობას ხელი რომ არ წაავლოს და შემთხვევით დენმა რომ არ ძუძგოს.
ოცდაშვიდი წელია მეტროში ვმუშაობ. ვინ მოსთვლის ამ ხნის მანძილზე რამდენი რამის მომსწრე გავხდი. სამოქალაქო ომის დროს ტყვიების ზუზუნშიც მივლია სამსახურში და რამდენიმე წლის წინ პრეზიდენტთან ჩახუტებულიც დავსეირნობდი მეტროს ვაგონებში. გაზეთშიც გამომჭიმეს პრეზიდენტთან ერთად. მერე ღირსების ორდენიც დამკიდეს, როგორც მეტროპოლიტენის სანაქებო თანამშრომელს და დღემდე ვერ ვიცილებ ჩემს აბეზარ ნათესავებს. იმათ ალბათ ჰგონიათ, რომ მილიონები მოაყოლეს ამ ღირსების ორდენს. მილიონი არა ალა პუგაჩოვა...
ჩემი თანამშრომლები ზურგს უკან "ყვერებიან სულიკოს" მეძახიან. ეს იმიტომ, რომ ჩემთან კიდევ ერთი სულიკო მუშაობს და ისიც ქალია. სამი შვილი მყავს. ორი გოგო და ერთიც ბიჭი. უფროსი სალომე შარშან გათხოვდა და პატრონს ჩაბარდა. ვიფიქრე ცოტა წელში გავიმართები თქო, მაგრამ მე ვინ მომცა მაგის ბედი? პატრონიანად ჩემი სარჩენი გახდა. რომ არ გამეთხოვებინა რა უნდა მექნა? ნაბიჭვარს მომიყვანდა სახლში და მერე ხალხის ყბიდან რა ამოვიდოდა. ეხლა ბავშვს ელოდება და კიდევ ერთი მჭამელი დამემატება ოჯახში. სიძე მუქთახორა მყავს. ხელებში მიყურებს რა მიმაქვს. ამ ბოლო დროს ისე გათავხედდა, მაღაზიაში რომ ჩავდივარ სიგარეტსაც მაბარებს. თან "ვინსტონზე" ნაკლებს არ კადრულობს. მე შენ გეტყვი სიგარეტის ფულს მატანს. შუათანაც გოგო მყავს. ნინო ჰქვია, მაგრამ მის მეგობრებთან რომ "ნინო" დავუძახო, ფანჩარს დაიპუტავს. ეხლა "ნინი" დაირქვა. უნივერსიტეტში სწავლობს. იურიდიულს ამთავრებს წელს, მაგრამ ბოლო ორი წელია მის ხელში წიგნი არ დამინახავს. სკოლაში სწავლის დროს ისეთი ბეჯითი მოსწავლე იყო, წიგნს ვერ გააგდებინებდი ხელიდან. ეხლა მთლად აიშვა. თავისი დაქალების მეტი არავინ უნდა... უმცროსი ბიჭია - ლევანი. ბაბუამისის სახელი ჰქვია, მაგრამ მისი არაფერი სცხია. სუფთა ქარიტყანია. ეგეთი დასირებული ახალგაზრდა კაცის მნახველი არ ვარ. ლოგინიდან დღის პირველ საათზე ადრე არ დგება. პირს მანამდე არ იპარსავს, სანამ წვერები სახლიდან გასვლის დროს კარებში არ მოჰყვება. სალომეს და ნინოს მოკლეზე აქვთ თმები შეჭრილი, ეს კიდევ ქუჩაში კიკინებით და საყურეთი დადის. ერთხელ ისეთი მიუჩეჩქვეს ცხვირ-პირი მაგ საყურეს გამო, რომ მეგონა აღარასოდეს გაიკეთებდა, მაგრამ შენც არ მომიკვდე. კიდევ კარგი თავის ძმაკაცები სახლში არ მოჰყავს. არა, საწინააღმდეგო კი არაფერი მაქვს. მირჩევნია სახლში იყვნენ, შარს რომ არაფერს გადაეყარონ სხვაგან, მაგრამ იციან, რომ სახლში პლანს არავის მოვაწევინებ და მაგიტომაც არ მოდიან. ეს ჩემი დასირებული შვილი კიდევ მგონი კაიფშია დარჩენილი. სულ გაბრუებული დადის. ხმას არ ამოიღებს ხოლმე სახლში რომ არის. არც ის ვიცი შეყვარებული თუ ჰყავს. გოგოც არავინ ურეკავს სახლში და უკვე ისიც მაეჭვებს, საერთოდ თუ აინტერესებს გოგონები...
ჩემი ბუნჩულა ქმარი რომ არ მყავდეს, ალბათ აქამდე ჭკუიდან გადამიყვანდნენ შვილები. დღისით ისიც სამსახურშია. რაღაცას წვალობს თავისთვის და ერთი ორ კაპიკს შოულობს. ერთი პატარა ხის ცეხი აქვს და სამი მუშა ჰყავს. ხის კარ-ფანჯრებს აკეთებს. ეხლა რაც პლასტმასის კარებები და ფანჯრები შემოზიდეს, ჩვენი ოჯახის შემოსავლებმაც იკლო, მაგრამ რას ვიზამთ. ღმერთის წყალობით მშივრები მაინც არ ვართ. შვილებზე უკვე დიდი ხანია ხელი გვაქვს ჩაქნეული. მალე პირველი შვილიშვილიც გვეყოლება და ცოტა ცხოვრებასაც გავიხალისებთ...
ეხლა კიდევ, იმის მაგივრად, რომ ჩემს ქმართან, ჩვენს პირველ შვილიშვილზე გვეჭუკჭუკა და გეგმები დაგვეწყო, ისევ სამსახურში მიწევს ზედმეტი ერთი საათის გატარება. პოეზიის საღამოს მოწყობა მომინდომეს ბიჭებმა. რომელი რუსთაველები და გალაქტიონები ესენი არიან?! ამათი ნერვები აღარ მაქვს უკვე. ყელში ამომივიდა ეს სამსახურიც და ყველა სხვა დანარჩენი სამსახურებიც, სადაც არც არასოდეს მიმუშავია. მომბეზრდა მიწაში ყურყუტი. ბოლოს მაინც აქ უნდა მოვხვდე და მანამდე მაინც მეცხოვრა მიწის ზემოთ. ამ ბოლო დროს სამუშაო სტიმულის დეფიციტი მაქვს, მაგრამ არც ეს მანაღვლებს. კიდევ ვინმე რომ იყოს, რომელიც ჩემსავით ერკვევა პროგრამირებადი ელექტრონული კონტროლირების გამოყენებით ძაბვის განივ-იმპულსური რეგულირების მოწყობილობებში და თანამედროვე ელემენტთა ბაზაზე შესრულებული ძალური ელექტრონული გარდამქმნელების რემონტის ჩემი პრაქტიკული გამოცდილების ნახევარი გამოცდილება მაინც ექნება, დიდი ხნის წინ მომისვრიდნენ სამსახურიდან, მაგრამ ჩემნაირი უპატრონო არავინ აღმოჩნდა. ალბათ ყველამ ნორმალური პროფესია აირჩია და ჩემსავით მთელი ცხოვრების მიწაში გატარება არ უწევთ. შესაბამისად არც ჩემი შემცვლელის მოძებნა არის ასე მარტივი. თუ მოძებნიან და, როგორც ჩემი ქმარი ამბობს - ყლეზეც ბანტი. ისედაც ყელში მაქვს ეს სამსახური ამოსული. ზოგჯერ ისე გავა მთელი თვე, რომ მზის ნახვას ვერ ვახერხებ. “ნახუი ნუჟე?” მზეთუნახავი მაინც არ გამოვა ჩემგან...
სადგურში ჩავედი და როგორც კი ესკალატორიდან გადავედი, საიდანღაც ლოთი კუკუშა გამოძვრა. ალბათ ისევ მექანიკოსებთან იყო. სიარულზე ეტყობოდა მისთვის საკმარისი დოზის გადახუხვა უკვე მოესწრო. მაგის ღლაბუცის თავი არ მქონდა. ზედაც არ შევხედე. მაინც არ მომეშვა. წამომეწია და თავისი ჭიანი კბილებით გამეღრიჯა.
- საით მიდიხარ სულო?
- ტრაკში.
- ნი პუხა ნი პერა.
- პაშოლ კ ჩორტუ. - ისე ვუპასუხე, რომ ყველა თავმოყვარე კუკუშა თავს დამანებებდა, მაგრამ ეს არ მომეშვა.
- რა გჭირს? - ამჯერად ჩემი სულიერი მდგომარეობით დაინტერესდა.
- რუსულად ნუ მელაპარაკები.
- რატომ? რუსული არ იცი?
- ვიცი.
- აბა რამე მითხარი.
- იდი ნა ხუი!
როგორც იქნა წავიდა.
იმ რაღაც საღამოს დაწყებამდე რამდენიმე საკითხი უნდა მომეგვარებინა. ამიტომ მექანიკოსების ოთახში შევედი. მაგიდაზე სახელდახელოდ გაწყობილი სუფრა დამხვდა. მაგიდასთან სამი მექანიკოსი და ერთი ცვლის უფროსი ისხდნენ. სამუშაო დღის დასრულებას ტრადიციულად აღნიშნავდნენ. თხლად დაჭრილ ძეხვს და ყველს მადიანად ილუკმებოდნენ. წიწაკის და კომბოსტოს მწნილს კი დესერტად აყოლებდნენ. პლასტმასისი ორლიტრიან ბოთლში წითელი ღვინის ნახევრამდე ჩაყვანა მოესწროთ. ერთი ცარიელი ბოთლიც მაგიდის ქვეშ შეეგორებინათ. მოკლედ, სრული იდილია ჰქონდათ.
კოჭლმა ჯემალამ სუფთა ერთჯერადი ჭიქა ზუნტლიანი ხელით აიღო, ღვინო ჩაასხა და გამომიწოდა.
- სულო, ერთი ჭიქა დაგვილიე.
უხმოდ გავაქნიე თავი და ცვლის უფროსს ელექტრიკოსის ადგილსამყოფელი ვკითხე.
- სიგარეტის საყიდლად ავიდა და ჩამოვა.
- ჯერ საქმეს მიხედეთ და მერე გააგრძელეთ. სადაცაა მოვლენ ეს შობელძაღლები. - ისევ ვიღრინები.
- მივხედამთ სულო ჯან, აბა რას ვიზამთ?! - უცებ მომიჭრა ცვლის უფროსმა და ღვინით სავსე ჭიქას ხელი წამოავლო, - აბა ბიჭებო, ყველა ჩვენი მიცვალებულის ხსოვნისა იყოს!
- "ხსოვნა იყოს"! - ერთ ხმაში თქვა ყველამ, ღვინო დალიეს და ჩიქაში ჩარჩენილი ღვინის წვეთები, მეტროს ტრადიციისამებრ ჭერზე აასხეს - "მიუვიდეთ" - ასევე ერთ ხმაში თქვეს და ნელნელა წამოიშალნენ.
- ამაზე ხომ არ გავჩერდებით? - თავი იმართლა კოჭლმა გოგიამ და ღვინით სავსე ბოთლი ხელში აიტაცა. "სერიოზული" მიზეზი იყო კიდევ ერთი ჭიქის დასალევად.
- მალე გამოდით. - კიდევ ერთხელ შევუღრინე და ოთახიდან გავედი.
მეტროს სადგურის ფოიეში ვიღაც გრძელთმიანი ბიჭი გრანიტის იატაკზე იჯდა და გიტარაზე უკრავდა. გარშემო ათამდე ადამიანი ეხვია და აღტაცებული შეძახილებით ამხნევებდნენ თუ იცინოდნენ ვერ მივხვდი. ყველანი გრძელი თმებით, დახეული ტანსაცმელით და მგონი ფეხშიშველებიც იყვნენ. მათი სქესის გარჩევა არც თუ ისე ადვილი იყო. ყველა ერთმანეთს ჰგავდა. გიტარისტის "სირინოზის ხმამ" ჩემამდე მოაღწია.
“მე ვზივარ ხეზე,
გარშემოა ტყე,
ერთი, ორი სამი, ოთხი, ხუთი, ექვსი ხე...”
ხე არა ყლე. მოგიტყან მუსიკის მასწავლებელი. სადაა ჩემი ლელა წურწუმია. მოასმენინა ერთი შენი სიმღერა. თუ გული არ გაუსკდება, თავზე გადაგამტვრევს მაგ გიტარას. სულ გამოყლევდა ეს ხალხი. ან დანარჩენები რა სახეებით უსმენენ. რომელი ბუბა კიკაბიძე ეს არის? ღმერთო რა თაობა მოდის?!..
მეტროს "ლუჩანო პავაროტი" ნელნელა ეშხში შედიოდა...
”ერთ ხეს ჰქვია ჟორა,
მეორეა ბრმა.
მესამემ არ მომცა გუშინ და გული მატკინა...”
ჰა ჰაა... სადაა ჩემი ქმარი. იმას მოასმენინა ხეს ჰქვიაო ჟორაო რომ ამბობს ეს შეჩვენებული. ჟორა ჰქვია ჩემს ქმარსაც. არ მითქვამს მგონია... აქ რომ იყოს ახლა, ვერ გადაურჩება ცოცხალი ეს უბედური. ჰეჰ... რა ვიცინე. ან ვინ არ მისცა ამ მკვტარს? ხეზე ამბობდა თუ ჟორაზე კარგად ვერ გავიგე. ღმერთო ჩემო. ეს რა მესმის. ამათ პატრონი არ ჰყავთ ნეტა? ამათი მშობლები მომცა ეხლა აქ, ხომ დაუსკდება ყველას ერთად გულები. მაინტერესებდა კიდევ რა სისულელეს იტყოდა ეს "ლუჩანო პავაროტი" და ნელი ნაბიჯით მათკენ წავედი. თან ვითომ მეტროს სადგურის განათებას ვამოწმებდი.
- დედა.
გული შემიქანდა. მეგონა მომესმა. შემოვტრიალდი და ჩემი კიკინებიანი ვაჟკაცი შემრჩა ხელში.
- შენ აქ რა გინდა? - ბინდმა გადამიარა თვალებზე.
- რავი... - ჩვეულ ფორმაში იყო. ხმას ვერ იღებდა. თან არყის სუნი ასდიოდა.
- "რავი" რას ჰქვია? აქ რა გინდა გეკითხები.
- რაღაც ლიტერატურული კონკურსია დაა...
- მერე შენ რა გინდა აქ?
- მეგობრებს გამოვყევი რაა...
ძირს დაგდებულ მომღერალს და იქვე დაყრილ მის "ფანებს" ამღვრეული თვალებით გავხედე. რაღაც ძალიან ადვილად ახდა ჩემი ნატვრა და ერთ-ერთი მათგანის მშობელიც იქვე გავჩნდი. გული კიდევ ერთხელ შემიქანდა...
- აუ, დეე... ეხლა შენებურად არ დაიწყო რაა... არაფერს არ აშავებენ.. თავისთვის ერთობიან რაა...
- ტფუ შენი დედა მოვტყან. სამსახურშიც უნდა შემარცხვინო არა? - ვეღარ მოვითმინე და ხმადაბლა, მაგრამ გულწრფელად შევუკურთხე. მინდოდა მატარებლის ბორბლებს ქვეშ შემეგდო ეს გაფურძგნილი ბომჟი. - რას ჰგავხარ ბიჭო? რა ჯინსები გაცვია? ერთი კვირის წინ არ გიყიდე ეს შარვალი? რამ დახია ასე? ტფუ... შენგან კაცი არ დადგება არასდროს. შენს გაკეთებას მართლა სჯობდა კიდევ ერთი კარები გაეკეთებინა მამაშენს, მოგიტყან მამაც და დედაც შე უჯიშო!..
- კარგი რა დე... არ გინდა ეხლა...
- წაეთრიე აქედან და ვინმეს უშნოდ არ მოხვდე თვალში. სახლში დაგელაპარაკები მე შენ.
ვის უნდა მოხვედროდა თვალში. ყველა ერთმანეთზე ბომჟივით გამოიყურებოდა და რაღა მაინცდამაინც ჩემი გაეჩხირებოდათ თვალში კოჭლ გოგიას და დანარჩენ ლოთ მექანიკოსებს.
შვილის დანახვის რომ შეგრცხვება ქალს, ეს არის ცხოვრება?! გულზე რაღაც შემომაწვა. ხასიათიც საბოლოოდ მომეშხამა და ისევ მექანიკოსების ოთახში შევბრუნდი.
- მოვდივართ სულო, მოვდივართ... - ჩემი შესვლისთანავე დაფაცურდნენ მექანიკოსები.
- გადით ერთი მიხედეთ იმ ხალხს არაფერი მოიწიონ. მე რაღაც ვერ ვარ და აქ დავრჩები. - მექანიკოსებს ზედაც არ შევხედე ისე დავჯექი სკამზე.
- რა გჭირს სულო? - ცვლის უფროსი მომაშტერდა. - ცუდად ხარ?
- არაფერი გოგი. ცოტა გადავიღალე. ღვინო თუ დაგრჩათ დამისხი ერთი ჭიქა...
- ეხლავე სულო ჯან. შენ ოღონდ რამე მთხოვე. - ცვლის უფროსმა ერთჯერად ჭიქაში ჩამომისხა ღვინო და წინ დამიდგა. - ჩვენ გავალთ და საქმეს მივხედავთ. შენ თუ რამე დაგჭირდება დამიძახე და აქ ვარ.
- ექვს მეტრიანი ალუმინის გასაშლელი კიბე რომ არის, ის კიბე გაუშალე ერთი ამათ სადაც გეტყვიან. ოღონდ რა ჩემს ფეხებად უნდათ არ ვიცი... ხო, კიდევ ელექტრიკოსი რომ ჩამოვა უთხარი დამაგრძელებელით დენი მიუყვანოს კიბესთან. - ღვინის ჭიქა დავცალე და კარებისკენ მიმავალ ცვლის უფროსს მივაძახე, - შეიძლება კოპლატაძეც ჩამოვიდეს. ის ლოთი კუკუშა თუ კიდევ არ წასულა, კინწისკვრით გააგდე აქედან. უშნოდ არ შეეჩეხოს უფროსობას...
- არის ქალბატონო სულო! - თან სამხედრო სალამი მოაყოლა და ოთახიდან გავიდა.
კიდევ ერთი ჭიქა დავისხი და ისიც გადავკარი. ერთი სული მქონდა დროზე დაწყებულიყო და მალევე დამთავრებულიყო ამათი ტაშფანდური. არ მინდოდა ჩემი სამარცხვინო შვილი ჩემს თანამშრომლებს ენახათ. ყველა არ იცნობს, მაგრამ ერთმაც რომ იცნოს, მაშინვე ყველა გაიგებს, როგორი თითით საჩვენებელი "ვაჟკაცი" მყავს. ღვინის ბოთლი ჩიქაში გადმოვაპირქვავე. ნახევარი ჭიქა ძლივს გამოვიდა, მაგრამ არ დავლიე. ცოტა ხანი გაუნძრევლად ვიჯექი და სირცხვილისაგან ძილი მომერია. ამ ბოლო დროს მემართება ხოლმე ასეთი რაღაც. როცა ჩემს შვილებზე ვიწყებ ხოლმე ფიქრს, სულ მეძინება. ჩამთვლიმა... არ ვიცი რამდენი ხანი ვიყავი ასე. კარების ხმამ გამაღვიძა. ოთახში ცვლის უფროსი შემოვიდა.
- როგორ ხარ სულო?
- რა ხდება გარეთ? - მის კითხვას არ ვუპასუხე ისე მივახალე ჩემი.
- აქ ყველა მოსულია. კოპლატაძე ჩამოდის თავის ხალხთან. ხუთ წუთში აქ იქნებაო.
კარებისაკენ გავვარდი. ისევ ჩემი შვილი გამახსენდა, არ მინდოდა კოპლატაძეს ენახა, მაგრამ სად უნდა წამეყვანა. ცვლის უფროსი უკან გამომეკიდა.
- კიბე სადაც მითხრეს იქ დავუდგი. დენიც მიყვანილია... კიდევ რამე ხომ არ უნდათ?
- ჭირი უნდათ კიდევ! შავი!..
სადგურის ფოიეში ბლომად ხალხი შეკრებილიყო. ისეთი ჩაცმულ-დახურულები იყვნენ, რომ ჩემი შვილი მათთან შედარებით კიდევ კარგად გამოიყურებოდა, თუმცა, ვერც ეს იყო ჩემთვის დიდი ნუგეში. სადგურს თვალი მოვავლე, მაგრამ ვერსად დავინახე ჩემი ოჯახის შემარცხვენელი. თუ ეხლა სადმე არის შემძვრალი და პლანს ეწევა, მართლა ვეღარ გადამირჩება. პატრულის ბიჭები დავლანდე. მათკენ წავედი. თან ცალი თვალით ისევ ვათვალიერებდი იქაურობას. სანამ პოლიციელებს მივუახლოვდებოდი ესკალატორზე კოპლატაძეს და ჩემს უფროსს მოვკარი თვალი და მათკენ გავემართე.
- როგორ ბრძანდებით ქალბატონო სულიკო? - თავაზიანად მომესალმა ჩემი უფროსი და ხელი ჩამომართვა. ვენაცვალე მის გამჩენს. რა მოხდებოდა ერთი ასეთი შვილი მეც მყოლოდა.
- კარგად ვარ ბატონო ლექსო. - მეც თავაზიანად ვუპასუხე.
კოპლატაძემაც ჩამომართვა ხელი და კიდევ მისმა ერთმა მოადგილემ, გვარი არ მახსოვს, და სადგურის ფოიეში შეკრებილი ახალგაზრდებისაკენ გავემართეთ. შეკრებილებს რამდენიმე ადამიანი გამოეყო და ჩვენსკენ წამოვიდნენ. ესენი ცოტა ნორმალურად გამოიყურებოდნენ. დახეული ტანსაცმელი მაინც არ ეცვათ.
- გამარჯობა ბატონო შოთა. - დაასწრო ლექსომ სალამი. ვენაცვალე ამის გამზრდელს.
- გამარჯობა ბატონო ლექსო... მოგესალმებით ბატონო ლევან... გამარჯობათ... - თავის მხრივ არც "ბატონი შოთა" განიცდიდა ზრდილობის დეფიციტს. ყველას სათითაოდ ჩამოგვართვა ხელი. - კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას დახმარებისთვის და ბოდიში, თუ შეგაწუხეთ.
- არა რას ბრძანებთ. თუ რამეთი შევძლებთ დახმარებას, ყოველთვის თქვენს გვერდით გვიგულეთ. - თავის მხრივ კოპლატაძემაც გამოიჩინა თავაზიანობა და მთლად გული მომიკლა ჩემმა უვარგისმა შვილმა, რომელიც სწორედ ამ დროს გამოძვრა საიდანღაც. ისეთი თვალებით შევხედე, რომ ისევ იქ შეძვრა, საიდანაც გამოძვრა...
არა რა, სახლში რომ მივალ მართლა იქ შევაძვრენ, საიდანაც გამოძვრა. ეს რა გამიკეთა დღეს. როგორ მარცხვენს ამ პატიოსან ხალხში...
"ბატონი შოთას" თანმხლებმა პირებმაც თავაზიანი სალამი გვიბოძეს და ყველანი ერთად გავემართეთ ფოიეს შუაში დადგმული კიბისაკენ, რომელზეც ვიღაცა ყმაწვილი ამძვრალიყო. გული შემიქანდა. ვიფიქრე, თუ კარგად არ აუწყვიათ კიბე და ბავშვი გადმოვარდა იქედან, მერე ნახე აქ სანახაობა. ესეც რა იური გაგარინივით ზემოთ-ზემოთ მიიწევს. "დედამიწაზე ვეღარ ეტევი არა? სად ჯანდაბაში მიძვრები შე შობელძაღლო?!" გემრიელად შევუკურთხე გულში.
- ეს ჩვენი საღამოს ნაწილია ქალბატონო. - ხმადაბლა ჩამჩურჩულა "ბატონმა შოთამ" და გამიღიმა. ალბათ "გაგარინის" დანახვაზე ძალიან მომეღრიცა სახე და მაგიტომ გადაწყვიტა ამ განმარტების გაკეთება. ცოტა მეუხერხულა...
- მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო. - ჩამოგვძახა ზემოდან "იურიმ" და მგონი დაიწყეს იმის კეთება, რისთვისაც იყვნენ მოთრეულები, თუ ჩამოთრეულები. - ვფიქრობ ყველა თქვენთაგანისათვის ცნობილია, რომ ლიტსახელები.ჯეს ორგანიზებით მიმდინარეობს ლიტერატურული ინტერნეტ კონკურსების უწყვეტი ციკლი. უკვე ჩატარდა ორი კონკურსი: ფოტოჰაუკუ და ეშმაკის ბორბალი. დღეს შედგება მესამე კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოვება. როგორც იცით მესამე კონკურსის სახელი იყო "მეტრო"...
ეტყობოდა ჯერ კიდევ ბევრ ლაპარაკს აპირებდა. დრო ვიხელთე და მეტროს სადგურის ფოიეში შეკრებილებს თვალი მოვავლე. ჩემი ოჯახის სირცხვილი აღარსად ჩანდა. ალბათ რომელიმე ბოძს იყო ამოფარებული და მემალებოდა. "გაგარინმა" შესავალი სიტყვა მალევე დაასრულა და გამარჯვებულების დასახელებას შეუდგა.
- მაშ ასე. ჟიურის პრიზი გადაეცემა სიმღერა "მიწისქვეშა საქართველოს" ავტორს და შემსრულებელს... მმ... აა... უკაცრავად, მისი სახელი და გვარი არ მიწერია...
არც იყო საჭირო. ვიღაც გაბურძგნული ახალგაზრდა დანარჩენებს გამოეყო და წინ წამოვიდა. კიბეებთან ჩქარი ნაბიჯით მივიდა და ზედ ასვლა დაიწყო. კიბე ისეთი შექანავდა, რომ ჩვენი "გაგარინი" კინაღამ თავით გადმოეშვა იქედან.
- მოიცა კაცო! რას შვები? - შეშფოთდა "ქანდარაზე" შემოსკუპებული "იური" და კიბეს ორივე ხელით ჩაებღაუჭა.
- მანდ არა, აქეთ მოდი, აქეთ... - ქვემოთ მყოფმა "ბატონმა შოთამაც" დროულად მიაძახა იმ ჩემის კომპოზიტორს და პირველი ქართველი კოსმონავტიც გადაურჩა მეტროს იატაკზე დაძნეყვებას.
ჟიურის სიმპათიამ ღირსეულად მიიღო მისი კუთვნილი ჯილდო. კიბეზე შემოსკუპებულს და დაჯილდოვების ცერემონიალის შიშისაგან გაფითრებულ მწამყვანს, ალბათ ბოდიშის მოხდის მიზნით, ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა და სანამ ისევ გაუჩინარდებოდა, მადლიერ მსმენელთან კიდევ ბევრი ასეთი საოცარი სიმღერის შექმნის პირობა დადო.
- გამარჯვებულებს ვთხოვ აქ ნუ ამომივარდებიან, - "გაგარინის" ხუმრობას დამსწრეების სიცილი მოჰყვა და ცერემონია გაგრძელდა, - მესამე ადგილზე გავიდა მოთხრობა “თითო მეტრო ძუძუები”.
“მეტრო” კი არა “მეტრი” თქვე უნიჭოებო. თან ინსტინქტურად ძუძუებზე დავიხედე. სამი შვილის და თითოს მიერ ორ-ორი წელი ნაჯიჯგნი და გაუბედურებული ძუძუები კი მექნებოდა თითო მეტრზე ჩამოწელილი. ეს ჩემი ქმარი კიდევ რომ მოიგდებს კბილებში ამ მრავალ ჭირ ნახულთ, ტუალეტში რომ მიდის მოსაფსამად, ტუალეტის კარებამდე არ უშვებს კბილებს და გაიწელებოდნენ ეს საცოდავებიც აბა რა მოუვიდოდათ. ტაში არ ცხრებოდა. ყველის ვაჭარივით ყურებამდე გაკრეჭილი მესამეადგილოსანი სიხარულის კბილებს ვერ მალავდა. "ბატონმა შოთამ" კონვერტი გადასცა, მხარზე ხელი მოუთათუნა და ისიც კმაყოფილი შებრუნდა უკან.
- მეორე ადგილზე გავიდა პერფორმანსი "მეტროს პოლიციელი", რომელსაც ეხლავე შემოგთავაზებთ... ვახო, თუ შეიძლება...
ვახომ პროექტორი ჩართო და სახელდახელოდ გაჭიმულ "ეკრანზე" პოლიციის ფორმაში გამოწყობილი ადამიანი გამოჩნდა. მას მიუახლოვდა მეორე ადამიანი და სახეში შეაფურთხა. ეს პოლიციელი მადლობის ნიშნად ქედს იხდის მის წინაშე. შემდეგ ამ პოლიციელს მეორე ადამიანი უახლოვდება და ისიც სახეში აფურთხებს მას. ღირსეულმა პოლიციელმა არც ეს დატოვა მადლობის გარეშე. შემდეგ კიდევ ერთი მიუახლოვდა და სანამ ესეც იგივეს გააკეთებდა, შემოვბრუნდი. უკვე გული მერეოდა ამ ჯიშ მოტყნულებიც ცქერით. და როცა მეტროს სადგური ტაშის ხმამ კინაღამ ჩამოანგრია, მაშინ მივხვდი, რომ, ბავშვობაში მინადორა ბენდუქიძის დიდი ტრაკის რომ მეშინოდა, იმაზე დიდ ტრაკში ვართ ეხლა. ეს რა თაობა მოდის. რა გვეშველება არ ვიცი. თან ჩემი პატრონ მოტყნული შვილიც რომ თურმე ამათთან მეგობრობს. ღმერთო რა დაგიშავე ასეთი?! დროზე მაინც მორჩებოდეს ეს საზიზღრობა და წაეთრეოდნენ აქედან ამათი...
მერე ვიფიქრე, ისე კაცს სახეში რომ აფურთხებ და ის არაფერს ამბობს თუნდაც სპექტაკლის თუ რაც ერქვა, იმის დროს, კი ეკუთვნის რაღაც პრიზი. მაგრამ, თქვენც არ მომიკვდეთ. ვისაც აფურთხებდნენ იმას კი არ მისცეს პრიზი, ვინც აფურთხებდა იმას ჩაახუტეს და ესეც გახარებული შევარდა ახალგაზრდების ჯგუფში.
ისეთ ხასიათზე ვიყავი, რომ ყველას სათითაოდ შევაფურთხებდი სახეში, ყოველგვარი პრიზის და საჩუქრების გარეშე. მართლაც რომ "ფურთხის ღირსი ხარ..."
- ეხლა კი გამარჯვებული. - ისევ ჩამოგვძახა ზემოდან "გაგარინმა". წინასწარ წარმოვიდგინე პირველი რა საზიზღრობა იქნებოდა, - პირველი ადგილი დაიკავა მოთხრობამ... "ოცდახუთი სანტიმეტრი".
ტფუ, თქვენი... ყველას სათითაოდ მოგხვდათ ჩემი ჟორას უცდახუთ სანტიმეტრიანი თქვე უჯიშოებო. არა რაა... აი, პირველად ვინანე, რომ ჩემს მეზობელ ზაირას არ დავუჯერე და "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირში" არ გავწევრიანდი. ხომ თმებით ვითრევდი ყველას სათითაოდ...
ზედ არავინ მიყურებდა, თორემ ისეთი გაშმაგებული ვიყავი, კისეირტეხით გაიქცეოდნენ იქედან.
- ავტორი გამოვიდეს თუ შეიძლება - არ ცხრებოდა ზემოდან "იური", - ავტორია "სულიკოს ბიჭი". ალბათ ფსევდონიმია ეს...
სულიკოს ბიჭიო?!.. გულმა რაღაც მიგრძნო... არ ვიცი ეს რა იყო... ერთ ადგილზე ვიდექი გაშტერებული და მეტროს ფოიეს გავცქეროდი. თვალი შევასწარი როგორ გამოეყო სხვებს ჩემი ნაცნობი კიკინა და "ბატონ შოთასთან" მივიდა...
ვიღაცა გადამეხვია. ლექსო იყო, ჩემი უფროსი.
- გილოცავთ ქალბატონო სულიკო. ასეთი შვილი თუ გყავდათ არ ვიცოდი... არა, ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ჭკვიანი შვლიები გყავთ, მაგრამ მთლად ასეთსაც... გილოცავთ... - მერე კოპლატაძეც მოვიდა. იმანაც მომილოცა...
ასეთი ამაყი არასოდეს ვყოფილვარ. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ჩემი შვილი იქნებოდა ჩემი სიამაყის მიზეზი...
კარგით ეხლა... ერთი უმიზეზო გინება ვის არ მოხვედრია? სამაგიეროდ იმხელა ძუძუები გლოცავენ, რომ ვერც "მართლმადიდებელი მშობელთა კავშირის" და ვერც "სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის" წევრების გინება ვერაფერს ვერ დაგაკლებთ. იმათ მოხვდათ ჩემი ჟორას ოცდახუთ სანტიმეტრიანი!