დიდი კალასი, ერთ დროს, პირდაპირი მნიშვნელობით, ტანითაც დიდი იყო. კრიტიკოსები მის უნიკალურ ვოკალურ მონაცემებს ხოტბას ასხამდნენ, ხოლო ჟურნალისტები მხოლოდ მისი ფიზიკური მონაცემებით ინტერესდებოდნენ. ერთმა დაწერა, ანგელოზის ხმით კი მღერის, მაგრამ ფეხები სპილოს ფეხებივით სქელი აქვსო. «აიდაში» მონაწილე ცოცხალი სპილოებისა და კალასის ფეხების გარჩევა, თუკი ამ ჟურნალისტის სიტყვებს ვენდობოდით, სრულიად შეუძლებელი ყოფილა.
ბუნებით ავი გახლდათ, როგორც ყველა მსუქანი და პატივმოყვარე ქალი, მსუნაგი, ანჩხლი და ჯიუტი. ჰყავდა ქმარი, ასაკით მასზე უფროსი, ასევე მსუქანი და არცთუ მთლად წესიერი კაცი (საერთოდ, კალასს მამაკაცებში არ უმართლებდა). კალასს სახელიც ჰქონდა, ქონებაც, მაგრამ სქელი ფეხებისა რცხვენოდა. რცხვენოდა, ასევე, უფორმო მუცლის, ვეება საჯდომის, სქელ-სქელი, ძეხვივით მკლავების, სამფა ღაბაბისა და ორი ჯან-ღონით სავსე ბარძაყის.
რა დიეტა აღარ გამოსცადა, როგორ აღარ იშიმშილა, მაგრამ მაინც ვერაფრით გახდა.
საღამოს ექვსი საათიდან მეორე დღის თორმეტ საათამდე ორი წლის განმავლობაში არაფერს ჭამდა, მაგრამ მაინც სპილოსავით სქელი იყო.
მერე ურჩიეს, ხილეულის მეტს ნურაფერს შეჭამო, მაგრამ ვერც ამან უშველა - ხილეულმა კიდევ უფრო გაასუქა და მის კანს რაღაც უცნაური არომატი შესძინა, თანაც არცთუ მთლად სასიამოვნო.
ერთხელ, სიმღერის დროს, ისე გაიბერა, რომ კინაღამ გასკდა, თანაც ოფლად დაიღვარა. პარტნიორ ტენორებს მის გვერდით დგომა უჭირდათ (დუეტის დროს ჩახუტებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო) - ოფლის გამო სხეულიდან ორთქლი უდიოდა და სწორედ ამიტომ.
ფეხზე მდგომსაც კი ძილი ერეოდა. როგორც კი ფარდა ეშვებოდა, თვალები მაშინვე ეხუჭებოდა. ჭამის დროს ქშენდა, ხოლო სიარულისას ხვნეშოდა.
ვერაფრით ფხიზლდებოდა. სიმღერის დროსაც კი. თვლემდა და ისე ცხოვრობდა, თვლემდა და ისე მღეროდა.
სიმსუქნისგან ფეხები ისე ტკიოდა, რომ დაუხმარებლად ორ ნაბიჯსაც ვერ დგამდა. ამ დროს, ჯერ სრულიად ნორჩი იყო - ოცდახუთიოდე წლის ქალი სამოცდაათი წლის მსუქან და სნეულ დედაბერს ჰგავდა.
ალბათ, ოდესმე გასკდებოდა კიდეც (ან გული მაინც გაუჩერდებოდა), ერთ მშვენიერ დღეს, სააბაზანოს სარკესთან მთვლემარეს, იდუმალი ხმა რომ არ გამოლაპარაკებოდა.
ხმა არსაიდან მოდიოდა. ხმა არც კაცისა იყო, არც ქალის, შეუძლებელი იყო მისი მიბაძვა.
ეს ხმა კალასს ყურში ზუსტად ისე ჩაესმოდა, როგორც წარსული დროის წმინდანებს ჩაესმოდათ უფლის, ან ბოროტი სულის ხმა.
ეს ხმა მის გონებას, გულსა და სულს შორის გაჩხერილიყო და კალასთან კონტაქტს აქედან ლამობდა.
რაკი კალასი მთვლემარე მდგომარეობაში იმყოფებოდა, არ შეშინებულა და მან ძილშივე უთხრა თავის თავს: «ნუ გეშინია, მარია, შენ ახლა თვლემ და ვიღაცის ხმა გესიზმრება. ალბათ, გასული საუკუნის რომელიმე ცნობილი მომღერლის ხმაა, რომელიც სულში გადმოგისახლდა. შესაძლოა, ცუდი მომღერლის ხმა იყოს, რომელმაც თავის ცხოვრებაში წარმატებას ვერ მიაღწია და ახლა შენი ყელის მეშვეობით ცდილობს საოპერო მწვერვალების დაპყრობას. გარდაცვლილ მომღერალთა ხმები ზუსტად ისევე მოგზაურობენ ცოცხალ მომღერალთა სხეულებში, როგორც მიწის ზედაპირზე მოფარფატე თვითმკვლელთა სულები. არ გამოვრიცხავ, ორი ხმა იყოს, ქალის და კაცის. ტენორისა და სოპრანოსი. ან, ბასის და მეცოსოპრანოსი. ჩემს სულში ერთად შეიყარნენ და ერთმანეთის გაგდებას ცდილობენ. თუმცა, არც კონტრალტოს გამოვრიცხავდი, რადგან ეს ხმა ერთდროულად ქალის ხმასაც ჰგავს და კაცისასაც. ნეტავი, ვინ არის? წარმატებული ხმაა? უყანყალებდა ოდესმე? დიდი ჰქონდა დიაპაზონი? რამდენ ხანს გასძლო სცენაზე? ხრინწს თუ უჩიოდა? ვინა ხარ, ხმაო? ვის ხმას ვხედავ სიზმრად?»
- არასდროს ვყოფილვარ ვინმეს ხმა, - მოესმა პასუხად, კალასი შეკრთა კიდეც, - მე ვარ ჭია, რომელიც შენს სულში ცხოვრობს და სხეულში დასახლებას აპირებს. კარგა ხანია აქ ვცხოვრობ და სახელია ჩემი - სოლიტერი.
- ბოროტი სული ხარ? - შეეშინდა კალასს.
- პირიქით, კეთილი. მე ვარ ჭია, რომელიც აყროლებული ქონით იკვებება და სიმსუბუქეს ჰმატებს ადამიანს. ადამიანში, როგორც ცნობილია, ხორცი კვდება, ხოლო სული საიქიოში მიფრინავს. მაგრამ სულს გაქონილი სხეულიდან ზუსტად ისევე უჭირს გამოსვლა, როგორც აქლემს უჭირს ნემსის ყუნწში გაძრომა. მე ვარ კოსმიური დესპანი, რომელიც ადამიანს ქონის მოცილებაში ეხმარება. უნდა გახდე, თორემ ვერ ცხონდები. ჯოჯოხეთი სავსეა მსუქან ქრისტიანთა სულებით!
- მირჩიე, როგორ გავხდე, - აღელდა კალასი, - ოღონდ, დიეტას ნუ დამინიშნავ. რაც კი ქვეყნად დიეტაა, ყველა გამოვცადე.
- მარხვას თუ იცავ?
- კი, ვიცავ, მაგრამ ვერ ვხდები.
- ბევრს ჭამ, როცა ნერვიულობ?
- როცა დაღლილი ვარ, ბევრს მაშინ ვჭამ. ღამღამობით მშივდება და თაAვს ვერ ვიკავებ, რასაც კი მაცივარში ვპოულობ, ყველაფერს მუცელში ვიყრი.
- ო, ღამღამობით ჭამა ცუდია...
- ვიცი, ყველა ამას მეუბნება, მაგრამ როცა მშიერი ვარ, არაფერი მახსოვს...
- ნელა ჭამ, ელეგანტურად, თუ სწრაფად, ღორივით?
- სამწუხაროდ, სწრაფად, ღორივით... ჭამის დროს ნამცეცები პირიდან მცვივა...
- ამისთანა გენიალური ქალი ხარ და ზემოთ ხსენებული ცხოველივით მსუნაგი ბრძანდები... როგორ არ გრცხვენია!
- რა ვქნა, რა ვიღონო, მიშველე!
- უნდა გადამყლაპო. ერთი ბეწო ვარ. ვერაფერს იგრძნობ. სამაგიეროდ, შენს კუჭში გავიზრდები, ემბრიონივით. ნუ შეგეშინდება, არ შეგაწუხებ. ზედმეტ ქონებს გამოგიხრავ. შიგნიდან შეგიჭამ. ხოლო მერე, როცა წონაში დაიკლებ, განავალთან ერთად გამოვძვრები უკანალიდან.
- საშინელებაა! წარმოდგენაც კი მიჭირს.
- საშინელება შენა ხარ, სქელო! ძროხავ, არ გინდა, რომ ლამაზ კაცებს მოწონდე? აღარ მოგბეზრდა ბებერი და იმპოტენტი ქმარი? ეგებ, ვინმე ჭეშმარიტი ვაჟკაციც გაიცნო! ლამაზი, ტანხმელი, მდიდარი... დაფიქრდი, პუტკუნ, ბედი კარზე გიკაკუნებს...
- სად გნახო? სად შეიძლება შენი ყიდვა? სად იშოვები?
- ჩვენ ღორების სქელ კანში ვცხოვრობთ. წილებივით პაწაწინები ვართ და მეღორეებს, უკეთეს შემთხვევაში, წილები, ან ტილები, უარესში კი წურბელები ვგონივართ. მიდი რომელიმე საღორეში, ჩემი სახელი ახსენე - სოლიტერი - და წამსვე შენს ხელისგულზე გავჩნდები. დამინახავ კიდეც. დროს ნუ დაკარგავ, იქვე გადამყლაპე. ერთ წელიწადში ისეთ ქალად გაქცევ, საოპერო თეატრის ქანდარას ანანისტებით ავავსებ. როდემდე უნდა იყო ასე? გამოიღვიძე! ცივი წყალი გადაივლე! მე უკვე გელი...
არავინ იცის, მართლა გადაყლაპა თუ არა კალასმა ღორის სოლიტერი. სასწაული კი ნამდვილად მოხდა: ისე სწრაფად დაიფერთხა ზედმეტი წონა, რომ მთელი მსოფლიო გააოცა. სულ მალე ერთ-ერთ ულამაზეს და სრულიად უგამხდრეს ქალად იქცა და საოპერო თეატრების ქანდარები, როგორც სოლიტერმა იწინასწარმეტყველა, მართლაც ანანისტებით აივსო. თუმცა, სამწუხაროდ, ისე ვეღარ მღეროდა, როგორც ადრე, როცა მსუქანი იყო. სილამაზის საფასურად, როგორც ამბობდნენ, უნიკალური ვოკალური მონაცემები გაიღო. ხმაში თითქოსდა ბზარიც კი გაუჩნდა...
მდიდარი, ლამაზი და ტანხმელი (თუმც, ტანდაბალი) მამაკაციც გაიცნო, მაგრამ იმან მალე მიატოვა. ისტორიკოსთა აზრით, ეს კაცი კრეტინიც იყო...
კალასმა დაბერება ვერც მოასწრო, ისე მიიცვალა. კრემირებულ იქნა. კალასის სურვილის თანახმად, მისი ფერფლი ზღვაში გადაფანტეს...
არ უნდოდა, რომ დაეკრძალათ. აორთქლება უნდოდა. უნდოდა რომ ცეცხლს შეეჭამა მისი სხეული - ყველაფერი, რაც სხეულში ჰქონდა...
სოლიტერის ამბავი კი იმ დროის ერთ-ერთ ისტორიკოსს უამბო კალასის შემოქმედების თაყვანისმცემელმა მამაკაცმა (სხვათაშორის, ასევე მსუქანმა).
აქედან გამომდინარე, დიდი კალასის გამო, ისტორიის სახელმძღვანელოში, სამწუხაროდ, ღორის სოლიტერიც მოხვდა.