ელ–ფოსტა
პაროლი

“პალიტრამ” პროექტ “ქართული პროზის საგანძურის” პრეზენტაცია გამართა

ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში მედია-სახლ "პალიტრის" ახალი პროექტის "ქართული პროზის საგანძურის" პრეზენტაცია გაიმართა.
როგორც პრეზენტაციაზე მედია-სახლის კრეატიულმა დირექტორმა მარიკა დარჩიამ განაცხადა, პროექტის ფარგლებში ყოველ ხუთშაბათს, ჟურნალ "გზასთან" ერთად ქართველი მწერლის თითო წიგნი დაიბეჭდება.
"ჩვენი მიზანი იყო, იმ მკითხველებამდე, რომლებიც ოცნებობენ ქართველი მწერლების ნაწარმოებების შეძენაზე და წიგნების სიძვირის გამო, ამას ვერ ახერხებენ, მიგვეტანა ეს წიგნები და საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად მიგვეცა ამის საშუალება. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეძლოს წიგნის ყიდვა და წლის ბოლოსთვის უკვე ყველა მათგანს ექნება საკმაოდ კარგი კოლექცია წიგნის თაროზე", - განაცხადა მარიკა დარჩიამ.
მისივე თქმით, დღევანდელ პრეზენტაციას ავადმყოფობის გამო ვერ დაესწრო გურამ დოჩანაშვილი, რომლის წიგნიც არის პირველი აღნიშნული პროექტის ფარგლებში.
"თუმცა, გურამ დოჩანაშვილმა დაგვიბარა, გვეთქვა თქვენთვის, რომ უხარია ამ პროექტში მონაწილეობა და აუცილებლად მიიღებს სხვა მწერლების წიგნების პრეზენტაციაში მონაწილეობას", - განაცხადა მარიკა დარჩიამ.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ ქართველი მწერლები და სხვა მოღვაწეები, ასევე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე და მწერალი ზაალ სამადაშვილი, პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი, თემურ ჭკუასელი, ლევან ღვინჯილია, დავით (დეფი) გოგიბედაშვილი, რეზო ჭეიშვილი. მათ შეკრებილ საზოგადოებას პროექტის დაწყება მიულოცეს.
"მკითხველების უმეტესობას ხშირად წამლის ფულიც კი არ აქვს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სულ 3 ლარად შეიძლება ასეთი წიგნების ყიდვა", - განაცხადა ჯანსუღ ჩარკვიანმა.
პრეზენტაციას ასევე დაესწრო პარლამენტის ვიცე-სპიკერი რუსუდან კერვალიშვილი. "ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველას მიეცემა საშუალება იყიდოს ქართველი მწერლების ნაწარმოებები. მე რაც შემეძლება, ამ პროექტს გვერდით დავუდგები", - განაცხადა რუსუდან კერვალიშვილმა.
დღევანდელ პრეზენტაციაზე მსურველებს საშუალება ჰქონდათ შეევსოთ სპეციალური ბარათები, რომლებზეც დააფიქსირეს, თუ რომელი მწერლები და ნაწარმოებები სურთ შევიდეს აღნიშნული პროექტის გამოცემაში.
როგორც მარიკა დარჩიამ განაცხადა, ამგვარი გამოკითხვა წარმოებს როგორც ინტერნეტით, ასევე მედია-სახლის გაზეთების საშუალებით. "დღეს, შუადღემდე უკვე ძალიან დიდი გამოხმაურება მივიღეთ. რაიონებიდან ძალიან ბევრი მადლობა მოგვივიდა იმის გამო, რომ ხალხს ეს შესაძლებლობა მივეცით", - აღნიშნა დარჩიამ.
დღევანდელ პრეზენტაციაზე ასევე წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში მომზადებული მომდევნო სამი წიგნი. ესენია: მიხეილ ჯავახიშვილის "თეთრი საყელო", ნოდარ დუმბაძის "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" და ილია ჭავჭავაძის "ოთარაანთ ქვრივი".
გურამ დოჩანაშვილის წიგნი "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარს" და ჟურნალი "გზა" ეროვნული ბიბლიოთეკის წინ უკვე გაიყიდა.

 

ინტერპრესნიუსის არქივი