თეატრში "ათონელზე" დღეს სპექტაკლის "აგვისტოს სიგიჟე" პრემიერა გაიმართება. პიესის ავტორი და რეჟისორია ნინო ბასილია. "აგვისტოს სიგიჟე" ტრაგიკომედიაა, რომელშიც მოთხრობილია სამი ამბავი ომსა და სიყვარულზე. პიესა ქართულ-რუსულ ურთიერთობებს, აგვისტოს ომსა და რუსეთის ტერიტორიაზე ქართველი ემიგრანტების ყოფას ეხმაურება. პიესა კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით დაიდგა. პირველ ნოველაში გადმოცემულია ქართველი, ახალგაზრდა ემიგრანტი მამაკაცის ტრაგიკომიკური ყოფა რუსეთში, რომელიც უსაბუთოდ ცხოვრობს მოსკოვში და სხვადასხვა ადამიანთან ურთიერთობას თითქმის სიგიჟემდე მიჰყავს. მეორე ნოველაში აგვისტოს ომგამოვლილი ქართველი ბიჭის ისტორიაა მოთხრობილი. მესამე ნოველა კი ახალგაზრდა მამაკაცის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც საქართველო-რუსეთის ომის შედეგად თავის მოკვლას ცდილობს.
|