თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია დღეს დაარსებიდან 88 წლისთავს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით აკადემიის საგამოფენო დარბაზში - "აკადემია ჰოლი" საკონკურსო გამოფენა - "წლის ნამუშევარი" გაიხსნება. გამოფენისთვის შერჩეულია სამხატვრო აკადემიის ყველა ფაკულტეტის სტუდენტთა საუკეთესო ნამუშევრები. გამარჯვებული სტუდენტის დაჯილდოების ცერემონია 21 მაისს გაიმართება. დღესვე პიერ ფ. ჰესლერის ხელოვნების ფონდსა და სამხატვრო აკადემიას შორის გაფორმდება მემორანდუმი. ჰესლერი 2010 წლის გამორჩეულ სტუდენტებს 10 000 ევროს ოდენობის ფუდალი პრემიებით დააჯილდოებს. მისივე ინიციატივით, ფონდი აქტიურად ჩაერთვება აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის საგანმანათლებლო და პრაქტიკული საქმიანობის განვითარებაში. მხარეები ერთობლივად უზრუნველყოფენ მაგისტრთა ნამუშევრების გამოფენების ორგანიზებას, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე მის ფარგლებს გარეთ. ფონდი ორგანიზებას გაუწევს წარმატებულ სტუდენტთა საზღვარგარეთ გაგზავნას და მათთვის სხვადასხვა ოდენობის პრემიას დააწესებს. საიუბილეო დღე სამხატვრო აკადემიის დიდ საგამოფენო დარბაზში საქართველოს სახალხო მხატვრის გივი თოიძის ნამუშევარების გამოფენით დასრულდება. ინტერპრესნიუსი |